ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ამჟამინდელი შეფასებით, ყოველ ასი ათას მოსახლეზე 250 ადამიანი სეზონური გრიპითაა დავირუსებული.

“გრიპი ამ ეტაპისთვის სეზონურ მდგომარეობას ინარჩუნებს. შემდგომ კვირებში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელი არ არის. ზოგადად ეს შემთხვევები ეპიდემიად შეფასებული არ არის”, – აცხადებს NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი “17”-თან საუბარში.

ზახაშვილის თქმით, ეს ვირუსი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სხვა გრიპის ვირუსებისგან და იწვევს იმავე სიმპტომატიკას, რასაც ნებისმიერი გრიპის ვირუსი.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალებაა სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა. გავრცელების პროცესში ვაქცინაციაზე ჯანმო უარს არ ამბობს, უბრალოდ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ვაქცინაცია დაემთხვეს გრიპით ინფიცირებას და ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ დროს რეკომენდაციას ვიძლევით, მოსახლეობამ გამოიყენოს დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ – მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ჯობს ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა”, – ამბობს ზახაშვილი.

ცნობისთვის, H1N1 ვირუსი არაფრით განსხვავდება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით.

H1N1 ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კონტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

ვირუსი არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 C° ტემპერატურაზე. 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s