“არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი” ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს დახმარებით სკოლებში ბულინგის პრევენციის პროექტს იწყებს.

ბულინგის დაძლევაზე მიმართული სასკოლო პროგრამა საპილოტეა და თბილისის ორ კერძო სკოლაში “მწვანე სკოლა” და “ქორალი” განხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ სკოლებში ბულინგის პრევენცია და ასევე, ეფექტური მექანიზმის შემუშავება, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ექნებათ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს. შემუშავებული მეთოდოლოგია მიმართული იქნება თანატოლებს შორის ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის შემცირებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ.

პროექტის საპილოტე პროგრამა ერთი წელი გაგრძელდება. პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სკოლის შიდა კულტურას, ურთიერთობებს მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რისი გათვალისწინებითაც შემუშავდება ბულინგის დაძლევის მექანიზმი: შემუშავდება სატრენინგო მასალა და მეთოდოლოგია, ბოლო ეტაპზე კი განხორციელდება ტრენინგები სკოლის თემის წარმომადგენლებისთვის (სკოლის ადმინისტრაციის, თანამშრომლების, მასწავლებლების, მშობლებისთვის და მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის) და სხვა აქტივობები. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია ხელმისაწვდომი გახდება როგორც კერძო სკოლებისთვის, ისე განათლების სამინისტროსთვის.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ანა სუბელიანის თქმით 2015 წელს ორგანიზაცია “იდენტობას” სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევა “ჰომოფობიური ბულინგი საჯარო სკოლებში” გახდა წინაპირობა აღნიშნული პროექტის დაწყებისა. ჰომოფობიური ბულინგის კვლევის დროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი განიცდის ჩაგვრას სხვადასხვა საფუძვლით. მიზეზთა შორის კი უმეტესად, გავრცელებული სტერეოტიპები და განსხვავებულობის მიუღებლობა გამოიკვეთა. მოზარდები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი რელიგიური, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული იმიჯისა და შეხედულებების გამო.

“სწორედ ამ კვლევის შემდეგ გაჩნდა აღნიშნული პროგრამის შემუშავებისა და გატარების იდეა. თუმცა, ახალი პროგრამის ფარგლებში ჰომოფობიური ბულინგი, როგორც ცალკე პრობლემად გამოყოფილი არ გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად ბულინგის დასაძლევად. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ ამ სფეციფიკურ შემთხვევებზე სწორად მოვახდინოთ რეაგირება და რაიმე არ გამოგვეპაროს, აუცილებლად ვაპირებთ თანამშრომლობას კონკრეტულ ორგანიზაციებთან და ამ კუთხით სწორედ “იდენტობას” მოვიაზრებთ. თუ კი იქნება ჰომოფობიურ ნიადაგზე ბულინგის შემთხვევა, ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს იდენტობას თანამშრომლებთან”, – აღნიშნა ანი სუბელიანმა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმებოდა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა და ამ პროექტის საპილოტე პროგრამის კერძო სკოლებშიც გავრცელება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

“განათლების სამინისტრო დღემდე პრობლემის იგნორირების რეჟიმში იმყოფება, არ ხდება ბულინგის პრევენციის სტრატეგიისა და მექანიზმის შემუშავება, განათლების შესახებ კანონი, ეთიკის კოდექსები და სახელმძღვანელო მითითებები არ უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე 2014 წლიდან, 7 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, საბოლოოდ მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი კერძო სკოლებში განგვეხორციელებინა. სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით სამინისტროსთან, გავრცელდა განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ის ვერ ხედავს ბულინგის პრობლემას და ეს არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ანუ, როგორც ასეთი, ბულინგის პრობლემა არ არსებობსო, რაც, ბუნებრივია, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და რეალობას არ შეესაბამება”, – აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანი სუბელიანი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პრეზენტაციის დროს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, სალომე შარაშენიძემ “არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტს” მოლაპარაკებების განახლება და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა შესთავაზა. განათლების სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s