2016 წლის მეორე ნახევარში თბილისში, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ახალი კრიზისული ცენტრი იხსნება, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალები შეძლებენ ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება მიიღონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრიზისულ ცენტრში ქალებს მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე შეეძლებათ ცხოვრება.

როგორც  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ გამოცემა “17”-ს განუცხადა, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი ზაფხულში გაიხსნება და ის 15-მდე ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

ჯინჯიხაძე ამბობს, რომ თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოხვედრა რამდენიმე გზით შეუძლიათ – არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიმართვის, საპატრულო პოლიციის დახმარებით ან თავშესაფრის ცხელ ხაზზე დააკავშირების შემდეგ.

“თავშესაფრის შენობა მოძიებულია და მისი მოწყობის მიზნით ტენდერია გამოცხადებული. ბენეფიციარებისთვის გვექნება ფსიქოლოგის, იურისტის და სოციალური მუშაკის მომსახურება, რომლებიც ბენეფიციარებს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან. ასევე, იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისი”, – განუცხადა გამოცემას ლაშა ჯინჯიხაძემ.

ჯინჯიხაძის თქმით, ცენტრში ბენეფიციარებს დარჩენა მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ და ეს დრო ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა არგანაშვილი “17”-თან საუბარში ამბობს, რომ კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად აუცილებელი რგოლია. იურისტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველივე ეტაპზე განისაზღვროს, თუ რა იგულისხმება კრიზისული ცენტრის ცნების ქვეშ.

“აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სამართლებლივ დოკუმენტები და ისეთი კრიზისული ცენტრი უნდა გაიხსნას, რომელიც აკმაყოფილებს უცხოეთში არსებულ სტანდარტებს. უნდა ვიცოდეთ, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს კრიზისული ცენტრის მიმართ და რას უნდა აკმაყოფილებდეს ის. ძალიან ხშირად ეს მოლოდინი დაყოფილია ხოლმე, ერთ მარტივ ასპექტამდე – სანამ ქალი ძალადობის მსხვერპლის სტატუსს მიიღებს, მანამდე ის განთავსდეს სტატუსის გარეშე. ვეთანხმები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, არ შეილება რაიმე ტიპის ბარიერი ჰქონდეს, მათ შორის დროითი ინტერვალი, იმ მომენტიდან, როდესაც ის გადაწყვეტს დატოვოს ძალადობის ადგილი. იქამდე, სანამ მას რამდენიმე ფორმალური უწყება არ განუსაზღვრავს სტატუსს, შესაძლოა ქალს არ ჰქონდეს თავშესაფარი”, – აცხადებს ანა არგანაშვილი.

არგანაშვილი ამბობს, რომ სამართავდამცავები უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობის დროს ახდენენ რეაგირებას, რის შემდეგაც ქალებისთვის მიყენებული სხვადასხვა სახის ძალადობა რეაგირების გარეშე რჩება.

“კრიზისული ცენტრები დღესდღეობით პირველი დამხმარე რგოლია, რომელიც პირველ რიგში, ეხმარება გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებს. ძალადობის მსხვერპლი ქალები ძალიან ხშირად ვერ იღებენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს იმიტომ, რომ კანონმდებლობით ხუთი სახის ძალადობა გვაქვს იდენტიფიცირებული. ესენია: ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური, ფიზიკური და იძულება. აქედან მხოლოდ ერთს ხედავენ სამართავდამცავები და ეს ფიზიკური ძალადობაა. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალი ხდება უჩინარი, ამ ოთხი შემთხვევის გამოვლენისას კრიზისული ცენტრი უნდა დაეხმაროს”, – აცხადებს არგანაშვილი.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s