თბილისში, აგლაძის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიურ განცხადებაში, რომელსაც ხელს 343 პირი აწერს, აღწერილია სამრეწველო და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, 2016 წლის 15 იანვარს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომ მიიღოს ყველა არსებული ზომა ხმაურის საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გასათვალისწინებლად.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის” თაობაზე წარადგინა, რომელიც პარლამენტის მიმდინარე სესიის დღის წესრიგში იყო შესული. მოგვიანებით, კომიტეტმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტი გამოთხოვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყებების განსხვავებული პოზიციების გამო, რაც უკავშირდებოდა “ხმაურის” დეფინიციის განსაზღვრას, განგრძობადობას, ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის ფუძემდებელი პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანსაღი გარემოს არსებობაა. ხოლო, ხმაურით დაბინძურება ხელს უშლის ასეთი გარემოს სრულყოფილად ჩამოყალიბებას.

“გარემოს ხმაურით დაბინძურება წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს ხმაურის რეგულირების საკითხის მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს.

გარდა ამისა, ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს აღნიშნულ წინადადებას და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად.

მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ, 2009 წელს მიიღო “ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები”, სადაც საუბარია ხმაურის ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში.

დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში, ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბელი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასეთ ხმაურიან გარემოში, არ არის გამორიცხული, რომ მას აუწიოს არტერიულმა წნევამ და პრობლემა შეექმნას გულის ნორმალურ მუშაობას. ასევე, პრობლემები შეექმნება სმენასთან და ძილთან დაკავშირებით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მოსახლეობის დაცვის მიზნით რამდენიმე ზომას გვთავაზობს. მათ შორისაა: ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა; ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებების და სხვა ბგერისწარმომქმნელი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის ძალიან ხმამაღალზე გამოყენების აკრძალვა (ეს ეხება როგორც საცხოვრებელ შენობებში გამოყენებას, ასევე საცხოვრებელ შენობებთან ახლო მყოფ ავტომობილებში და ღია საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებას).

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s