სალვადორის მთავრობა ქალებს ურჩევს, რომ 2018 წლამდე არ დაორსულდნენ. ამის მიზეზი კი ზიქას ვირუსია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გავრცელდა. ვირუსი კოღოებს გადააქვთ და ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს – ჩვილები პათოლოგიურად მცირე ზომის თავებით იბადებიან, რაც ტვინის არასრულფასოვან განვითარებას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გადამდებად მინიმუმ 20 ქვეყანა და ტერიტორიაა დაასახელა, მათ შორის ბარბადოსი, ბოლივია, გვადალუპე, პუერტო რიკო და პანამა.

​ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაში, სადაც 1 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ვირუსთან შეხება. ბოლო 4 თვის განმავლობაში ბრაზილიაში ჩვილებში მიკროცეფალიის მინიმუმ 4000 შემთხვევა დაფიქსირდა.

​კოლუმბიის მთავრობამ მიკროცეფალიის უკვე 13 000 შემთხვევა დაასახელა და კოლუმბიელ ქალებს რამდენიმე თვის განმავლობაში დაორსულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მსგავსი რეკომენდაციები შეიმუშავეს იამაიკისა და ჰონდურასის მთავრობებმაც.

სალვადორში ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით დეზინფექციის პროგრამები დაიწყო. ასევე, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ორსულ ქალებს, კოღოს კბენის თავიდან აცილების მიზნით კანის დაფარვისკენ მოუწოდებენ.

სელინა ველასკესი, 30 წლის სალვადორელი ქალი ამბობს, რომ ის დაორსულებისთვის წლებია მკურნალობს და მთავრობის რეკომენდაციები მას ვერ შეაჩერებს.

“ძალიან დიდი ხანია დედობა მინდა და ახლა დანებებას არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა ეს. ჩემი აზრით ეს აბსურდია,” – ამბობს სელინა.

ვირუსთან შეხებისას ადამიანებს აწუხებთ მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s