რეიჰანე ჯაბარი იყო ირანელი ქალი, რომელიც 2007 წელს ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის დააკავეს. 2014 წლის ოქტომბერში კი 26 წლის რეიჰანე სიკვდილით დასაჯეს.

რეიჰანე ჯაბარის თქმით, მორტეზა აბდოლალი სარბანდი მის გაუპატიურებას ცდილობდა და იგი მხოლოდ თავს იცავდა. მიუხედავად ამისა, თეირანის სასამართლომ რეიჰანე დამნაშავედ ცნო და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ირანში მოქმედი კანონის თანახმად, სიკვდილით დასჯის სასჯელის არიდება მხოლოდ მსხვერპლის ოჯახისა და ნათესავების თანხმობით შეიძლება, თუმცა მორტეზა აბდოლალი სარბანდის ოჯახის წევრები რეიჰანეს შეწყალებას არ დათანხმდნენ.

რეიჰანე ჯაბარიმ ციხეში ყოფნის პერიოდში, თავისი ადვოკატის დახმარებით, ინტერნეტში თავისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. რეიჰანემ, ჩამოხრჩობამდე რამდენიმე დღით ადრე, უკანასკნელი წერილი დედას მიწერა, სადაც თავის განვლილ ცხოვრებაზე, შეცვლილ მსოფლმხედველობასა და უკანასკნელ სურვილზე საუბრობს.

“საყვარელო დედა, დადგა დღე, როდესაც სასჯელს პირისპირ უნდა შევხვდე. ეს ჩემი ცხოვრების წიგნის ბოლო გვერდია. ძალიან მრცხვენია, რომ ჩემ გამო შენ და მამა დამწუხრებულები ხართ.

მე ამ სამყაროში 19 წელი ვცხოვრობდი. იმ საშინელ ღამეს მე უნდა მოვმკვდარიყავი. ჩემი სხეული ქალაქის რომელიმე კუთხეში უნდა გდებულიყო და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უნდა ენახა პოლიციას. ამის შემდეგ თქვენ, ჩემს მშობლებს, წაგიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჩემი სხეული უნდა ამოგეცნოთ. იქ შენ ასევე გაიგებდი, რომ სიკვდილამდე გამაუპატიურეს. მკვლელსა და მოძალადეს ვერასდროს იპოვიდნენ, რადგან იგი მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. ამის შემდეგ შენ მთელი ცხოვრების მანძილზე შერცხვენილი იქნებოდი, დაიტანჯებოდი. რამდენიმე წლის შემდეგ კი სწორედ ამ ტანჯვისგან მოკვდებოდი.

თუმცა, ერთმა დაწყევლილმა დარტყმამ ყველაფერი შეცვალა. ჩემი სხეული ქალაქის რომელიღაც კუთხეში მიგდებული არ არის, სამაგიეროდ საფლავად ქცეულ ევინის ციხეში ვიყავი, ახლა კი შაჰრ-ი რეის ციხეში ვარ. მაგრამ ასეთი ყოფილა ჩემი ბედი და შენ ყველაზე კარგად იცი, რომ სიკვდილი ცხოვრების დასასრული არ არის.

შენ მასწავლე, რომ ადამიანი ამ ქვეყნად ერთხელ მოდის, რათა მიიღოს გამოცდილება და ისწავლოს შეცდომებზე. ადამიანი თავისი პასუხისმგებლობებით იბადება. ვისწავლე, რომ ხანდახან ბრძოლაა საჭირო. მახსოვს ნიცშეს წიგნიდან ამბებს რომ მიკითხავდი, განსაკუთრებით ამბავი კაცისა, რომელმაც მეეტლეს მხრიდან ცხენების გაროზგვა გააპროტესტა. მეეტლემ ის კაციც გაროზგა, თუმცა ამ ამბიდან ვისწავლე, იმისთვის, რომ რაღაც ღირებული შექმნა ან დაიცვა, მსხვერპლია საჭირო, თუნდაც ეს მსხვერპლი სიცოცხლის დათმობა იყოს.

შენ მასწავლე, რომ რთულ სიტუაციებში მშვიდად ვყოფილიყავი. როგორც ჩანს შენი სწავლება არასწორი იყო. როდესაც ეს ამბავი მოხდა, შენი რჩევები არ დამეხმარა. სასამართლოზე მშვიდად ყოფნამ წარმომაჩინა, როგორც ცივსისხლიანი მკვლელი და დაუნდობელი კრიმინალი. ერთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია, რადგან კანონის უზენაესობის, სამართლიანობის მჯეროდა.

მიუხედავად ჩემი “ცივსისხლიანობისა”, შენ იცი, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე კოღოც კი არ მომიკლავს. მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას ისიც კი არ გაითვალისწინა, რომ ინციდენტის დროს მე გრძელი ფრჩხილები მქონდა.

როგორი ოპტიმისტია ის, ვინც სასამართლოსგან სამართალს ელის. მოსამართლეს ერთხელაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ რატომ არ არის ჩემი ხელები ბოქსიორივით უხეში. დედა, შენ, რომელიც ჩემში სამშობლოს სიყვარულს მინერგავდი, სწორედ ამ სამშაბლოს არასდროს ვუნდოდი, არც ვჭირდებოდი, რადგან ყველაზე მძიმე მომენტებში გვერდით არავინ დამიდგა. როდესაც ჩემი გარეგნობიდან სილამაზის უკანასკნელი ნიშანი, თმა გადავიპარსე, ციხეში 11 დღიანი კარცერითდამაჯილდოვეს”.

საყვარელო დედა, ნუ ტირი იმის გამო, რაც ჩემ შესახებ გესმის. როდესაც დაუქორწინებელმა აგენტმა პოლიციაში ყოფნის პირველ დღეს ჩემი ლამაზი ფრჩხილების გამო ტკივილი მომაყენა, მივხვდი, რომ ამ სამყაროში არ სჭირდებათ სილამაზე, მისი ყველანაირი გაგებით, ფიზიკური სილამაზე, ლამაზი სურვილები და ფიქრები, ლამაზი ხელწერა, ლამაზი თვალები.

ჩემო საყვარელო დედა, ჩემი იდეოლოგია შეიცვალა და ამის გამო შენ პასუხი არ უნდა აგო. ჩემი სიტყვები დაუსრულებელია და იგი მე ყველას გადავეცი. როდესაც შენი თანდასწრების გარეშე ჩამომახრჩობენ, იცოდე, რომ ჩემს მემკვიდრეობად ჩემი ხელნაწერები დავტოვე.

სანამ მოვკვდები, მინდა რომ ერთი სურვილი შემისრულო – ეს არის ერთადერთი რამ, რაც ამ სამყაროსგან, ამ ქვეყნისგან და შენგან მინდა. ვიცი, რომ ამ ყველაფრისთვის დრო გჭირდება. გთხოვ, არ იტირო. წადი სასამართლოში და მათ ჩემი თხოვნა გადაეცი. მე არ შემიძლია წერილის დაწერა, თუკი მას ციხის უფროსი არ გადაამოწმებს. კიდევ ერთხელ უნდა დაიტანჯო ჩემ გამო. გთხოვ, რომ არავის შეევედრო ჩემს გადარჩენას.

ჩემო კეთილო დედა, არ მინდა რომ მიწაში დავლპე. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს. შეევედრე მათ, რომ როგორც კი განაჩენს სისრულეში მოიყვანენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც ტრანსპლანტაციისთვის გამოდგება და იმათ გადაუნერგონ, ვისაც სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს ან სხვა ორგანოს მიიღებს, არ მინდა, რომ ჩემ შესახებ რაიმე იცოდეს. ეს ყველაფერი უბრალოდ იყოს, როგორც საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან, არც ლოცვა.

მთელი გულით გეუბნები, რომ არ მინდა ჩემი საფლავი გქონდეს, სადაც მოხვალ და იტირებ. არ მინდა, რომ ჩემ გამო შავები გეცვას. გააკეთე ყველაფერი,რომ ჩემი მძიმე დღეები დაივიწყო. გთხოვ, ქარს გამატანე.

საყვარელო დედა, სხვა სამყაროში მე და შენ ვართ მბრალდებლები და სხვები ბრალდებულები. მინდოდა სიკვდილამდე ჩაგხუტებოდი.

მიყვარხარ, დედა.

რეიჰანე,

2014 წელი, 1 აპრილი

წყარო: www.theguardian.com

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s