ახალ პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” განცხადებით, სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს ართმევს და თავის საკუთრებად არეგისტრირებს.
“გირჩში” ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე რაიონში ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებად არის გადაფორმებული.
“ეს პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ყველა რეგიონში. პროცესი უკვე დაწყებულია მარტვილის რაიონში, გორში, ბორჯომში და მალე ალბათ, მთელს საქართველოს მოიცავს. მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა მიითვისა”, – ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია.
ახალი პოლიტიკური ცენტრი მოითხოვს, რომ შეწყდეს მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებმა გააკეთონ განცხადება, თუ რის საფუძველზე ითვისებს მოქალაქეების მიწის ნაკვეთებს სახელმწიფო.
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.
“სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი. ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაპირებთ, დავადგინოთ, ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება”, – ამბობს ხვიჩია.
როგორც გამოცემა “17მაისს” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი სამინისტროში 16:30 საათზე გაიმართება.