ღამის 11 საათია. თბილისში ძალიან ცივა. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამეფებულ სიჩუმეს ევას გულიანი სიცილი არღვევს, რომელიც ქუჩას კვეთს და ჩემკენ მორბის. ევასთვის ცირკის მიმდებარე ტერიტორია ის ერთადერთი ადგილია, სადაც პირადობის მოწმობაში ჩაწერილ სახელს – დათო, არავინ ეძახის.

მას ამაღამ ვიწრო შარვალი და ბეწვის ქურთუკი აცვია. სანამ ქუჩას გადმოკვეთს, გრძელ, ქერა თმებს ისწორებს.

“კეთილი იყოს შენი ჩემს სახლში მოსვლა” – მეუბნება ევა და ტუჩსაცხს ისვამს. ახლა მარიამს უნდა შეხვდეს, თავის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს, რომელთანაც დროს მანამ ატარებს, სანამ რომელიმე მათგანს კლიენტი არ გამოუჩნდება.

ევა 25 წლისაა და თავს ცირკთან სექსსამუშაოთი ირჩენს. ამბობს, რომ თავის გადასარჩენად სხვა გამოსავალი არ აქვს. მისი სამუშაო 6 საათს გრძელდება, ღამის 10-დან დილის ოთხ საათამდე. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 10-მდე კლიენტს ემსახურება.

“ეს ადგილი ჩემთვის, პირველ რიგში, სამსახურია. მეორე მხრივ კი საშინელი ადგილია. შეიძლება ნებისმიერ წუთს დაამთავრო სიცოცხლე”, – ამბობს ის და სიცოცხლის დასრულებაში ტრანსფობი საზოგადოების მხრიდან მომავალ საფრთხეს გულისხმობს.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევა სექსმუშაკია, შემოსავალია. მისი თქმით, შანსი რომ ჰქონდეს, სხვაგან იმუშავებდა და ცირკთან არასდროს გამოვიდოდა. “ან აქ უნდა ვიდგე, ან ქუჩაში მშიერი უნდა მოვკვდე”, – ამბობს ის და თავისი სამუშაო გამოცდილებას იხსენებს.

“ვიყავი ბარმენი, ბლოკის საჭრელ ქარხანაში ვმუშაობდი, სათბურში ნერგები მომყავდა და ა.შ. ქარხნიდან გამომიშვეს მიუხედავად იმისა, რომ სამი წელი ვიმუშავე და საკმაოდ კარგადაც. ჩემი გაშვების მიზეზი სხვებისთვის “დაო”-თი მიმართვა გახდა”, – ამბობს ევა.

მარიამი თამარ მეფის ხიდთან გველოდება. კლიენტი ჯერ მასაც არ ჰყავს. ის 23 წლისაა და უკვე 2 წელია, სექსმუშაკია. მარიამიც ამბობს, რომ მისთვის ეს ადგილი სამსახური და თავის რჩენის საშუალებაა.

“გარემო ჩემდამი ყველგან  ჰომოფობიურია. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, აქაც კი. ბევრჯერ კვერცხები უსვრიათ, რეზინის ტყვიებიც კი. ბოთლებსაც ხშირად გვესვრიან. არის ადგილები, სადაც პოლიცია ასხამს მაზუთს, ჩვენ რომ არ ჩამოვჯდეთ“, – ამბობს მარიამი.

12-ის 5 წუთია და ევას და მარიამს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, ნინო უერთდება. პირველი კლიენტიც გვიახლოვდება და სასურველ ქალს არჩევს.

დაახლოებით, 12-ის 20 წუთზე ჩვენ გვერდით მანქანა ჩერდება: “რა მაგარი ძმა ხარ” – ამბობენ ბიჭები ერთ ხმაში. გოგოები ჯიბეებიდან ტელეფონებს იღებენ და ამბობენ, რომ პატრულს გამოიძახებენ. იმ პატრულს, რომლის იმედი თავადაც არ აქვთ. ევა ამბობს, რომ ტრანსფობ საზოგადოებას ამ მეთოდით აშინებენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის მესამე პუნქტი შრომით ურთიერთობაში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს, ტრანსგენდერი ადამიანები სწორედ ამ ნიშნით დისკრიმინაციის გამო ვერ საქმდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” სათემო განათლების ოფიცერი და აუთრიჩ მუშაკი, ლადო ბიწაძე “17”-თან საუბარში ამბობს, რომ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანები სექსსამუშაოს მიმართავენ არის ის, რომ მათთვის დასაქმების ნებისმიერი სფერო მიუღწევადია. ამის მთავარი მიზეზი კი ტრანსფობიაა.

ტრანსფობია იწვევს იმას, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს არ ასაქმებენ. შესაძლებელია, დამსაქმებლები ტრანს თემისადმი ლოიალურად განწყობილები იყვნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი თავიანთ კლიენტებზე არიან დამოკიდებულები და მათი გემოვნების შესაბამისად იქცევიან”, – ამბობს ბიწაძე.

ორგანიზაციის აუთრიჩ მუშაკის თქმით, განსხვავებით გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანებისგან, ტრანსგენდერი ადამიანები ვერც ანდერგრაუნდ სივრცეებში, ვერც სალონებში ვერ საქმდებიან. ბიწაძის თქმით, მათთვის ერთადერთი ვარიანტია, თუ თავიანთ თვითგამოხატვას შეზღუდავენ და ბიოლოგიური სქესის შესაბამის გენდერს დაემსგავსებიან, რაც პოზიტიურ შედეგს არ გამოიღებს.

“პრობლემის გადაჭრის გზა არანაირად არ არის ის, რომ ტრანსგენდერმა ადამიანებმა საკუთარი გენდერისადმი მიუღებელი გამოხატულება მიიღონ. ეს არ გადაჭრის პრობლემას, პირიქით, ხელს შეუწყობს საქართველოში ტრანსფობიური გარემოს შენარჩუნებას. ადამიანები იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ “ნორმალურები” და რატომ იცვამენ ასე გამომწვევად”, – ამბობს ის.

იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით ტრანს­გენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი არ რეგულირდება, ისინი პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში სქესს ვერ იცვლიან. არსებული პრაქტიკის მიხედვით, სავალდებულოა ჰორმონალური მკურნალობისა და წინასწარი ქირურგიული პროცედურების გავლა, რათა პირმა ახალი პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღება შეძლოს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს არ სურს ბიოლოგიური სქესის შეცვლა, უგულებელყოფილია.

გამოცემა “17”-თან საუბარში ევა ამბობს, რომ საბუთებში სქესის შეცვლა მისთვის უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

“პირველ რიგში, ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო ამაში საერთოდ არ გვეხმარება. ამიტომ, მე და ჩემი სხვა ტრანსი მეგობრებიც ამ პროცედურებს ვერ გავდივართ. ასეც რომ არ იყოს, მე სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება ჯერჯერობით არც მინდა”, – ამბობს ევა.

“სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ” ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ცხოვრების ყველა სფეროში მოახდინონ პირის სქესის შეცვლის სრული სამართლებრივი აღიარება. თუმცა, საქართველოში არსებული მდგომარეობა რეკომენდაციის მიხედვით დაწესებულ მოთხოვნას არ შეესაბამება.

ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, ქვეყანამ შესაძლებელი უნდა გახადოს ოფიციალურ დოკუმენტებში სახელისა და სქესის შეცვლა სწრაფი, გამჭვირვალე და ადვილად ხელმისაწვდომი გზით; ასევე უნდა უზრუნველყოს, საჭიროების მიხედვით, არასახელმწიფო ერთეულების მიერ შეცვლილი სქესის და აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელებული სხვა ცვლილებების შესაბამისი აღიარება ისეთ ძირითად დოკუმენტებში, როგორიცაა განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან შრომის წიგნაკი.

საქართველოს კანონი “სამოქალაქო აქტების შესახებ” (მუხლი 78), განსაზღვრავს გარემოებათა ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მითითებულია “სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა”. თუმცა, არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის, ასევე არაა განსაზღვრული ამ მუხლის მიზნებისათვის რა მიიჩნევა “სქესის შეცვლად”.

ქვეყანაში არსებული აღნიშნული პრაქტიკა მიზეზია იმისა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები მეტად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. 2014 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სააგენტოს ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ტრანსგენდერი ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აღწერს, წერია, რომ ევროპაში ტრანსგენდერი ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად ხდებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვიდრე სხვა ლგბტ თემის წარმომადგენლები.

“იდენტობას” სათემო განათლების ოფიცერი და აუთრიჩ მუშაკი, ლადო ბიწაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს თავის გადასარჩენად უწევთ ბრძოლა.

“სქესის შეცვლის პროცესი ჩვენი კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის, ამიტომ ეს პროცესების გრძელი ჯაჭვია. ასეც რომ არ იყოს, არ არის აუცილებელი, რომ ტრანსგენდერ ადამიანს სქესის შეცვლა სურდეს. რიგ შემთხვევებში, მას საკუთარი პრეფერენცია და საკუთარი გამოხატულება შესაძლოა მოსწონდეს”, – ამბობს ბიწაძე.

ის ფაქტი, რომ 2014 წელს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი საკუთარ სახლში ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მათი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლება, სიცოცხლის უფლება გარანტირებული არ არის.

ხოლო, ის ფაქტი, რომ საბი ბერიანის მკვლელი მკვლელობისთვის არ გასამართლდა მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მზაობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბერიანს დანით 9 ჭრილობა მიაყენეს, მკვლელობა ტრანსფობიურ და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად არ აღიარებულა და მკვლელს მხოლოდ ნივთების დაზიანების ბრალდებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 6 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, ხოლო 2008 წლიდან დღემდე მსოფლიოს 62 ქვეყანაში ეს რიცხვი 1,612-ს აღწევს. ამ ქვეყნების რიცხვს 2014 წელს საქართველოც დაემატა.

თამრი სხულუხია

თანდართული ფოტო არ ასახავს ქართულ რეალობას. ავტორი – ნაზიკ არმენაკიანი. ასევე, პერსონაჟების სახელები შეცვლილია (ავტ.).

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s