საქართველოში ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური ხდება ტრანსგენდერი ადამიანების საკითხები, მათი პრობლემები და საზოგადოებაში არსებული ბარიერები. ქართველი ტრანსგენდერების ნაწილს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ სქესის შეცვლა სურს და ამის გამო საზღვარგარეთ წასვლა უწევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა კუზანოვის კლინიკაში სქესის შეცვლის ოპერაცია 6-ჯერ გაკეთდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, “17” კუზანოვის კლინიკის დამფუძნებელს, ივა კუზანოვს ესაუბრა.

რამდენჯერ ჩატარდა საქართველოში სქესის შეცვლის ოპერაცია და როდის იყო პირველი?

საქართველოში სქესის შეცვლის 6 ოპერაცია ჩატარდა. პირველი ოპერაცია 1996 წელს იყო. პაციენტი ბიოლოგიურად ქალი იყო და სურდა კაცი გამხდარიყო. მისი ტრანზიცია მოსკოვში დაიწყო, სადაც 5 წელი საავადმყოფოში იწვა და სწორედ იქ მოაშორეს მკერდი და საშვილოსნო. ჩვენთან ჩამოვიდა, რათა კაცის სასქესო ორგანო გაეკეთებინა და შეძლებოდა ქალთან სექსუალური კავშირის დამყარება. ჩვენც გავუკეთეთ ეს ოპერაცია. რატომ მაინცდამაინც ჩვენთან? იმიტომ, რომ იმ პერიოდში ძალიან ცნობილი მიკროქირურგები ვიყავით და სწორედ ჩვენ დავაფუძნეთ მიკროქირურგია საქართველოში. მიკროქირურგი არის პლასტიკური ქირურგის მწვერვალი. შეგიძლია ნებისმიერი ორგანო გადაიტანო, მიაკერო, აცოცხლო და ჩვენც ვუთხარით ამ ადამიანს, რომ შეგვიძლია ასეთი ოპერაციის გაკეთება და საბოლოოდ, ოპერაციის შედეგად შევუქმნათ კაცის ფალოსი. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც ჰყავს ოჯახი – ცოლი და ორი შვილი. მან გაიარა სრული ტრანზიციის პროცესი. სწორედ ეს იყო სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთების პირველი შემთხვევა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს აღებული ჰქონდა პასპორტი, სადაც უკვე მითითებული იყო შეცვლილი სქესი, სახელი და გვარი. ყველაფერი რუსეთში გაუკეთეს. ხოლო, ვინც საქართველოს მოქალაქე იყო და ყველა ოპერაცია საქართველოში გაუკეთდა, შესაბამისი კანონის არარსებობის გამო, მათ პასპორტში არც სქესი და არც სახელი და გვარი არ შეუცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჭეშმარიტი ტრანსსექსუალობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი არსებობდა. რაც შეეხება ბოლო ოპერაციებს, 2 წლის წინ გავაკეთეთ სქესის შეცვლის ოპერაცია.

გარდა ქირურგებისა, ვინ არის ჩართული სრული ტრანზიციის პროცესში?

ჩვენთან საქართველოში და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც დაცულია სამედიცინო წესი, ამ პროცესში აუცილებლად ჩართულნი არიან ფსიქიატრი, სექსოპათოლოგი, ენდოკრინოლოგი და ქირურგი.

დაახლოებით რამდენ ეტაპს მოიცავს სქესის შეცვლის ოპერაცია?

ვთქვათ, თუ კეთდება ქალიდან კაცად გადაკეთების ოპერაცია, ეს ყველაზე რთული ოპერაციაა. შედარებით ადვილია კაციდან ქალად გადაკეთება. ასეთი ოპერაციები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდს გამოიყენებ ოპერაციის გასაკეთებლად. არის მეთოდი, მიკროქირურგიული, პლასტიკური ოპერაცია, რომელიც გრძელდება საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 12-14 საათი. არის უფრო მარტივი, შედარებით ძველი მეთოდი – მუცლის კანის ნაფლეთებით კეთდება ასო და შიგნით სილიკონის პროთეზი იდება. ეს უფრო ადვილი ოპერაციაა და როგორც წესი, ასეთი მეთოდით ოპერაციას არ იკეთებენ, რადგან შემდეგ კაცის სასქესო ორგანოს კარგად ვერ ფუნქციონირებს.

ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც მიკერებულ სასქესო ორგანოს ორგანიზმი არ იღებს?

მე არ მქონია ასეთი შემთხვევა. მთელი ქირურგიული ოსტატობა მდგომარეობს იმაში, რომ გააკეთო ისეთი ასო, რომელსაც კაცი სრულყოფილად გამოიყენებს.

ტექნიკურად რამდენად რთულია სქესის შეცვლის ოპერაცია?

ეს არის ურთულესი ოპერაცია. გვაქვს კლინიკაში დამუშავებული მეთოდი. პლასტიკური ქირურგი უნდა იყოს, პირველ რიგში, მიკროქირურგი, რომ ამ ოპერაციის გაკეთება შეძლოს. მიკროქირურგი არის, ასე ვთქვათ, ღმერთი ქირურგიაში, ანუ მას შეუძლია ყველა ოპერაციის გაკეთება. პლასტიკური ქირურგია მოიცავს რამდენიმე სპეციალობას – ეს არის რეკონსტრუქციული ქირურგია, მტევნის ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია და ასევე, სილამაზის ქირურგია. ყველას ჰგონია, რომ სილამაზის ქირურგია არის პლასტიკური ქირურგია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

ოპერაციის შემდგომ თუ გაქვთ კონტაქტი ამ პაციენტებთან?

როგორც წესი, როდესაც ოპერაცია და მკურნალობა მორჩება, ეს პაციენტები იკარგებიან. თუმცა, ჩემი პირველი პაციენტი, რომელსაც გავუკეთეთ სქესის შეცვლის ოპერაცია, საახალწლოდ ყოველთვის მიგზავნის მოლოცვას ამერიკიდან.

რამდენად შესაძლებელია, თუნდაც თეორიულად, ტრანსგენდერი ქალი დაფეხმძიმდეს?

ასეთი შანსი არ არსებობს. არც თეორიულად. ყოველი შემთხვევისთვის, ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ისე სწრაფად ვითარდება მედიცინა და ტექნოლოგიები, ალბათ ოდესღაც ეგეც გახდება შესაძლებელი, მაგალითად, გენური ინჟინერიით გაზარდონ საშვილოსნო, გაზარდონ საკვერცხეები. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.

რამდენად დიდია მოთხოვნა სქესის შეცვლის ოპერაციაზე?

ეს ყველაფერი მოთხოვნასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული. ოპერაცია უკეთდებათ მხოლოდ მათ, ვინც ჭეშმარიტი ტრანსსექსუალია. რა არის ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი? ეს არის თანდაყოლილი, რომლის დროსაც, ადამიანი ფიზიკურად ეკუთვნის ერთ სქესს, გონებრივად კი სხვა სქესს. ეს ძალიან დიდი კონფლიქტია ადამიანში. ამ კონფლიქტის დროს ეს ადამიანები ძალიან იტანჯებიან. ეს არ არის გარყვნილება. ძირითადად, თუ ოპერაცია არ გაიკეთეს 22-24 წლამდე ძლებენ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ხშირია სუიციდის შემთხვევები. არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი შემთხვევაა იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად სხვა სქესის არიან და გონებრივად სხვა სქესს ეკუთვნიან, თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, როდესაც ვერ იკეთებენ ოპერაციას. რა განსაზღვრავს საერთოდ სქესს? ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევით, ჩვენს თავის ტვინში არის ორი დიდი ბირთვი, რომელიც საზღვრავს ზუსტად სქესს, ანუ რომელს ეკუთვნის და ეს არის თანდაყოლილი. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 000 კაციდან ერთი ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი იბადება.

რამდენად ხშირია, სქესის შეცვლის ოპერაციის შემდგომ პაციენტების იმედგაცრუების შემთხვევები?

ჩემს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, როცა პაციენტი მოდის და ამბობს “დამიბრუნეთ ჩემი ძველი სქესი” და ა.შ. ასეთი შემთხვევები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დიაგნოზი სწორად არ არის დასმული, ანუ არ არის დადგენილი იგი ჭეშმარიტად ტრანსსექსუალი არის თუ არა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აკვიატებული აქვთ იდეა “მე ვარ ქალი” ან “მე ვარ კაცი”. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი ოპერაციამდე ყველა საჭირო სპეციალისტმა გასინჯოს. საქართველოში როგორც წესი, პაციენტს 1 წლის განმავლობაში აკვირდება ფსიქიატრი, სექსოპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი და ქირურგი. დაახლოებით, 5 წლის წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში იყო ბიოეთიკის კომისია. იქ შედიოდა თითქმის ყველა ექიმი და მაგათთან მოდიოდა დასკვნა, რომ მაგალითად ეს კაცი არის ჭეშმარიტად ტრანსსექსუალი და სწორედ ისინი გვაძლევდნენ ოპერაციის გაკეთების ნებართვას. ახლა ეს კომისია დაიშალა. დღესდღეობით კი, როდესაც სექსოპათოლოგი, ფსიქიატრი და ყველა პირი, რომელიც ჩართულია ამ პროცესში დადებს დასკვნას, რომ კონკრეტული ადამიანი არის ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი, უკვე არავის აღარ აქვს უფლება, რომ მას არ გაუკეთდეს სქესის შეცვლის ოპერაცია. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.

დაახლოებით რა ჯდება სქესის შეცვლის ოპერაცია საქართველოში?

ზოგადად, მიკროქირურგიული პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 15 – 20 ათასი ლარი ჯდება. აღსანიშნავია ის, რომ სქესის შეცვლის ყველა ოპერაცია, რომელიც საქართველოში გაკეთდა ყველა იყო ქალიდან კაცად გადაკეთების ოპერაცია, როცა სხვა ქვეყნებში მსგავსი მაჩვენებელი 50/50-ია.

რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ მსოფლიოში?

ტაილანდში, ჰონგ-კონგში, ვიეტნამში, ინდოეთში დიდი ხანია კეთდება მსგავსი ოპერაციები. ყველაზე ადრე სწორედ ამ ქვეყნებში ტარდებოდა სქესის შეცვლის ოპერაციები და დღემდე ასეა, რადგან იმ ქვეყნებში არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გჭირდება იმისთვის, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთო. ეს ყველაფერი პაციენტების სურვილზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა, რომ ოპერაციის შემდეგ ხშირად არის ფსიქოლოგიური პრობლემები და “ძველი სქესის” დაბრუნების მოთხოვნა.

ანა სარალიძე

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s