თბილისში არსებული 315 შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს მოერგება. თბილისის საკრებულოს წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ პროცესი 2016 წელს, ადაპტირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში დაიწყება. პროექტისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“2016 წელი იქნება გარდამტეხი შშმ პირების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით, რადგან ვიწყებთ ადაპტირების სამწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 315 ობიექტის ადაპტირება იგულისხმება უნივერსალური დაპროექტების პრინციპით.

დაგეგმილია, როგორც ადმინისტრაციული შენობების ადაპტირება, ისე კულტურული და სპორტული დაწესებულებების, გზის სავალი ნაწილის, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, სარეკრეაციო ზონების, ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასათვალისწინებელი ამ მიმართულებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვავითაროთ თანამშრომლობა უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანებთან, რადგან ადაპტირება მარტო პანდუსების საკითხს არ გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ არიან. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი და ამ მრავალფეროვნების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების დროს არის უმთავრესი პრიორიტეტი”, – ამბობს იონათამიშვილი.

საკრებულოს დეპუტატისვე თქმით, მიმდინარე წელს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი 200 ავტობუსით განახლდება.

იონათამიშვილმა ადაპტირების გეგმის შესახებ კონფერენციაზე ისაუბრა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ერთობლივი პროექტი შეაჯამეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში შშმ პირების ჩართულობის უზრუნველყოფას შეეხებოდა.

ორგანიზაციებმა თბილისში, რუსთავსა და ოზურგეთში შშმ ადამიანების საჭიროებები და ის ბარიერები იკვლიეს, რომლებიც მათ აქტიური ჩართულობას და მონაწილეობას თვითმმართველობის მუშაობაში ხელს უშლის. პროექტი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში შემდეგი სახის პრობლემები და საჭიროებები არსებობს:

  • ადაპტირებული ტრანსპორტის, შენობების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.
  • რეკრეაციული ზონების და სპორტული კომპლექსების ადაპტირება.
  • დასაქმება და შშმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.
  • საზოგადოების დამოკიდებულება.
  • სკოლამდელი ინკლუზიური განათლება.

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი ამბობს, რომ პრობლემაა რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსებაც.

“რეაბილიტაციის სერვისები ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა, თავად შშმ პირების და მშობლების თქმით, იმის გამო, რომ უწყება ყველა სერვისის სრულად და ეფექტიანად მიწოდებას ვერ უზრუნველჰყოფს, რეაბილიტაციის დაფინანსების მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში”.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსთავში დაახლოებით 15 ოჯახში შშმ ბავშვის მშობელი არის მარტოხელა დედა და ვერ ახერხებს, იმუშაოს, რადგან ბავშვს ვერავინ უტოვებს.

ნანა გოჩიაშვილი ყურადღებას სხვა პრობლემებზეც ამახვილებს:

“რუსთავში ფუნქციონირებს 2 დღის ცენტრი. ერთ მათგანს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფართი არ გამოუყო. შემდეგ ეს დღის ცენტრი ერთ-ერთი მშობლის ოჯახში ფუნქციონირებდა, მაგრამ ის სტიქიის გამო დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ახლა ბავშვები სერვისს ვეღარ იღებენ.

ასევე, ინფორმაციის მისაწვდომობა. უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანების შემთხვევაში პრობლემაა პროგრამების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა. შშმ პირები თვლიან, რომ ნებისმიერ საკითხში, რომელიც წყდება თვითმმართველობის დონეზე,  შშმ პირთა საკითხები გათვალისწინებულ უნდა იყოს”.

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ოზურგეთში პარკირების წესები საერთოდ არ არსებობს.

“შშმ პირს, რომელიც ცხოვრობს სოფელში და მოუნდეს ოზურგეთში ჩამოსვლა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მოძრაობს მხოლოდ არაადაპტირებული სამარშრუტო ტაქსი”, – ამბობს ნანა გოჩიაშვილი.

ოზურგეთისგან განსხვავებით, თბილისში პარკირების წესი არსებობს, თუმცა გარკვეული ხარვზებით, რომელთა აღმოფხვრასაც “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სასამართლოს გზით ცდილობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “17 მაისთან” საუბრისას განმარტავს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული ის წესები, რომელიც დაადგინა საკრებულომ და რომელიც, ჩვენი აზრით, არის დისკრიმინაციული. შესაბამისად, ვითხოვთ კონკრეტულად მათ ბათილად ცნობას და ახლებურად დარეგულირებას.

დადგენილების მიხედვით, თბილისში პარკირებით ვერ ისარგებლებს შშმ პირი, თუ ავტომობილი მისი საკუთრება არ არის.

“გამოდის, რომ ეს მუხლი არის ავტომობილის მესაკუთრე ადამიანისთვის და არა შშმ პირისთვის. ეს არის საკუთრების ნიშნით დისკრიმინაციული”, – განმარტავს ანა აბაშიძე.

აღნიშნულ წესს “ავტოსაგზაო მოძრაობის შესახებ” კანონი საერთოდ არ სცნობს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s