საქართველოს ქალთა მოძრაობა ქალი პოლიტიკოსების მიმართ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიძულვილის ენის გამოყენებას აპროტესტებს.

მოძრაობა პარლამენტის თავმჯდომარეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებს სპეციალური განცხადებით მიმართავს და ზვიად კვაჭანტირაძის, გიორგი ვოლსკის, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას და ლევან ბერძენიშვილის საპარლამენტო თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

განცხადების ტექსტში ნათქვამია:

“ჩვენთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც სექსისტურ და მიზოგინიურ ენას იყენებენ, საპარლამენტო თანამდებობებსაც იკავებენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ”.

ქალთა მოძრაობა გმობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური და მიზოგინიური ენის გამოყენებას და მოითხოვს:

ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი ვოლსკი, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და ლევან ბერძენიშვილი გათავისუფლდნენ საპარლამენტო თანამდებობიდან.

“პარლამენტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭომ გააკეთოს განცხადება და დაგმოს პარლამენტარების მიერ სიძულვილის ენის, მათ შორის სექსისტური გამონათქვამების, გამოყენება”.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საპარლამენტო სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მარიამ საჯაიას მიმართა სიტყვებით:

“რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?!”

ამ განცხადებას წინ უსწრებდა ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერის, გიორგი ვოლსკის გამოსვლა, რომელშიც მან მარიამ საჯაიას მიმართა სიტყვებით:

“მე ასე მგონია, დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველას და ყველაფერს. ცოტა უზრდელურია. ჩემი შვილის ტოლი ბრძანდებით. რა საკვირველია პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ როდესაც მისმენს ჩემი შვილი, თუნდაც თქვენს საწინააღმდეგოდ განწყობილი ან შეიძლება ჩემ საწინააღმდეგოდ კრიტიკა აქვს, არ შეიძლება იმის განცდა ქონდეს, რომ ასეთი კარგი შესახედავი მანდილოსანი, ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკაში მონაწილეობს და არის უზრდელი. ელემენტარულად ეს არის ძალიან ცუდი”.

ლევან ბერძენიშვილმა კი, როგორც მოგვიანებით თავად განმარტა იხუმრა, როცა თქვა, რომ “საქართველოში ერთ-ერთ პრობლემას ახლავე გეტყვით და მინდა დროზე მივხედოთ. საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია”.

ქალთა მოძრაობა განცხადებას პარლამენტში ხვალ, 2 თებერვალს, 11 საათზე შეიტანს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s