იურისტ გიორგი მშვენერაძის თქმით, არ შეიძლება, რელიგიური, რომანტიკული თუ პატრიოტული გრძნობების შეურაცხყოფა ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზად იქცეს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი “17 მაისთან” ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი მიზნად არა უმცირესობებისა და მათი ინტერესების დაცვას, არამედ დომინანტი ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.

“ეს არ არის მსგავსი კანონპროექტის განხილვისა და მიღების პირველი მცდელობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს მიეღოთ საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც საქართველოში დომინანტი ჯგუფების კრიტიკას შეზღუდავდა. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, 21-ე საუკუნის სახელმწიფოებში, თანამედროვე სამყაროში მსგავსი კანონების მიღება აღარ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების იმ ნაწილმა, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში არიან წარმოდგენილნი და დღეს მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამის შესახებ ან არ იციან, ან იციან, მაგრამ ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს საკანონმდებლო პროცესისთვის, ასევე საპარლამენტო ცხოვრებისა და მთელი საზოგადოებისთვის”.

მშვენიერაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდება და სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები მას მწვავედ გააკრიტიკებენ და პარლამენტიც იძულებული გახდება, მის მიღებაზე უარი თქვას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება მაინც მოხდება, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“თუკი ეს შეუძლებელი იქნება და თავისას გაიტანს ხელისუფალი ამ კანონპროექტის მიღების სახით, მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს პერსპექტივა ამ საქმეზე სარჩელის წარდგენას, რადგანაც ამ კანონპროექტის მოცემული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ ის აზრი, რომელიც უმრავლესობისთვის მისაღები და საამოა, არამედ ისიც, რაც იწვევს საზოგადოების შეშფოთებასა და გაღიზიანებას”.

იურისტი ამბობს, რომ რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი წინასაარჩევნოდ გადადგმული პოპულისტური ნაბიჯია და მიზნად იმ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს, რომლებსაც საკითხი კარგად ჯერ კიდევ არ ესმით. მშვენიერაძის თქმით, ეს ამომრჩევლის მოტყუებაა.

“ეს არის პოპულისტური ნაბიჯი წინასაარჩევნოდ იმ ადამიანების ხმების მოსაპოვებლად, რომლებსაც იმ ფორმულის არ ესმით, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას და ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ვისაც ეს არ ესმის, სწორედ მას გონია, რომ დუმილის შემოღებით და ვიღაცებისთვის “გამაღიზიანებელი” აზრების შეზღუდვით მიიღწევა სიმშვიდე და კეთილდღეობა, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ეს კარგად დაადასტურა მსოფლიო ისტორიამ, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში ადამიანებს სწორედ გამოხატვის თავისუფლებისთვის სჯიდნენ და ამას კარგი არაფერი მოუტანია მაშინდელი ევროპისთვის. ამიტომ, თუ პარლამენტარებს გააქვთ ეს საკითხი იმ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად, რომლებიც ამ საკითხებში კარგად ჯერ კიდევ ვერ ერკვევიან, ეს ძალიან ცუდი საქციელია, რადგან ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და ნაცვლად იმისა, რომ ისინი უკეთეს ქვეყანაში აცხოვრონ, კიდევ უფრო მიაქანებენ უფსკრულისკენ”.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, დასჯადი უნდა გახდეს.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s