სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” რელიგიური გრძნობების შესახებ კანონის მიმართ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

სამოქალაქო პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო TI და კონსტიტუციის 42-ე მუხლი) მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დაუჭირა, რომლის ძირითადი ფუნქციაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვის ხელშეწყობა უნდა იყოს.

განმარტებითი ბარათიდან, ისევე, როგორც 2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენის ფარგლებში გამართული დისკუსიიდან იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს”.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, კანონის მიღება გამოიწვევს კრიტიკული აზრის ჩახშობას და ხელს არ შეუწყობს საზოგადოებაში რელიგიურ მოტივებზე სიძულვილის გაღვივების შეჩერებას.

“იგი იქნება მორგებული მხოლოდ დომინანტი ჯგუფის ინტერესებზე და კიდევ უფრო გააუარესებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას სახელმწიფოში, ხოლო გამოხატვის თავისუფლება და საჯარო დებატები რელიგიურ თემებზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.

აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უკანასკნელ წლებში უმცირესობების მიმართ მომხდარ არცერთ კონფლიქტსა თუ ძალადობას  (ნიგვზიანი, სამთაწყარო, 17 მაისი და სხვა) არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და არ დამდგარა სამართალდამრღვევთა პასუხისმგებლობა”.

განცხადებაში საუბარია კანონპროექტის ავტორების არგუმენტებზეც იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის ევროპული მაგალითები არსებობს.

“კანონპროექტის ინიციატორთა მიერ ხსენებული ოტო პრემინგერის ინსტიტუტის საქმეზე გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 1994 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავაც რჩება მნიშვნელოვან პრეცედენტად, მასში დამკვიდრებული სტანდარტების შეცვლისა და გადასინჯვისკენ მოწოდება დღითიდღე იზრდება. მათ შორის, საკუთრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა მხრიდან. ამასთან, სასამართლო ცალსახად ამბობს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“

ვენეციის კომისიამ, თავის 2006 წლის ანგარიშში, ხაზი გაუსვა, რომ „შესაძლებელი უნდა იყოს რელიგიური იდეების კრიტიკა, მაშინაც კი, თუკი ასეთ კრიტიკას ზოგიერთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს.“ ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „რელიგიურ პრინციპების ან რელიგიის წარმომადგენლების შეურაცხყოფა აუცილებლად არ გულისხმობს თავად ამ რელიგიის მიმდევართა შეურაცხყოფას“, ხოლო „დემოკრატიული საზოგადოებები არ უნდა გახდნენ რელიგიური მგრძნობელობის მძევლები და ძალადობრივი რეაქციები არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების უკან დახევის საფუძველი.“

2007 წელს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა მოუწოდა სახელმწიფოებს, არ დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიის წინააღმდეგ არსებული კრიტიკული შენიშვნების გამო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი ცალსახად აღნიშნა, რომ მკრეხელობისათვის პასუხისმგებლობის დაწესების დრო დასრულდა; რელიგიურ ჯგუფებს აქვთ ვალდებულება,ტოლერანტულები იყვნენ კრიტიკული საჯარო განცხადებებისა და დებატების მიმართ, რომლებიც მათ აქტივობებს, სწავლებასა და რწმენას ეხება.

გამოხატვის თავისუფლების ფართო გაგებას მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელმაც ცალსახად განაცხადა: “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არაადეკვატურად აღიქვამდეს.“

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში განხილვის საგანი არა რელიგიური უმცირესობების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე და რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირების გზების ძიება, არამედ საზოგადოების მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯანსაღი კრიტიკის გაუმართლებელი შეზღუდვა გახდა”.

“არა ფობიას” საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი და არ გახდეს ღია და თავისუფალი საჯარო დებატების ჩახშობის ხელშემწყობი, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s