ნაფაზს ნაფაზზე ურტყამ, საფერფლე ივსება ბიჩოკებით, დადუმებული დინამიკებიდან წამოსულ ცივ სიჩუმეს სხეულს რიტმულად აყოლებ და ივსები, იბერები და… სკდები.

მწარე რეალობა გაბრუნებს მიწაზე. მიწაზე რა, ოთახში, რომლის კედლები თავისი ჩამოცვენილი ბათქაშით ზედმიწევნით სრულყოფილად ასახავს შენს სულიერ მდგომარეობას. ქერა პარიკს დაუდევრად იშორებ თავიდან და ოთახის კუთხისკენ ისვრი. სახეზე ჩამოდღაბნილი მაკიაჟი არ გაწუხებს, შენი ცხოვრებაც ხომ ასეთია – გაურკვეველ ფერებში დადღაბნილი, უფერული კონტურებით და მლაშე ცრემლებით გადარეცხილი.

შენ ტრანსგენდერი ქალი ხარ და შენ უარგყვეს. უარგყო ყველამ, დაწყებული ოჯახით დამთავრებული საზოგადოებით. ღვთისმშობელიც კი დამწუხრებული სახით გიყურებს, როდესაც მის წინ მუხლებზე დამხობილი ლოცულობ. არ მოსწონს არც შენი ყოფა, არც ქცევა და გულში შენი მსუბუქი ყოფაქცევისთვის გკიცხავს.

შენ უარგყვეს, რადგან თქვი, რომ ხარ ქალი. ისევე, როგორც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი, შენც ჩაგრულთა იმ მსხვილ ჯგუფს მიგაკუთვნეს, რომლებიც საკუთარ თავს სუსტ სქესს უწოდებენ და “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”-გან დაცვას და მზრუნველობას ითხოვენ.

შენ უარგყვეს, რადგან თქვი, რომ ხარ ტრანსგენდერი ქალი. ხალხმა გან-სხვავებულის იარლიყი მოგაკრა, განსხვავებულობამ გა-რიყვა გამოიწვია, გარიყვამ გა-უფასურება და ამ უსაზღვრო გა-ურკვევლობებით სავსეს ისღა დაგრჩენია გა-იქცე და სადმე კლდიდან გა-დაიჩეხო. თითქოს, ეს იყოს გა-მოსავალი.

შენ უარგყვეს, რადგან თქვი, რომ სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალი ხარ. უარგყვეს, დაგცინიან და ვერ ხვდებიან თუ რამხელა სიმძიმეა ამ აუტანელ სიმსუბუქეში. შენს წარმოდგენებში მარიამ მაგდალინელი მორალს გიკითხავს, შენ კი შიშით ცახცახებ, თითქოს რაიმე ისეთი ჩაგედინოს, რაც შენი ბრალია. თითქოს საზოგადოება არ იყოს დამნაშავე შენი ყოფიერების აუტანლობაში. თითქოს შენი ქმედება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მორალის კითხვა…

შენ სამმაგად უარყოფილი ქალი ხარ. სამმაგად ჩაგრული და მიწაზე დაცემული, სამმაგად ჩაქოლილი და ლაფდასხმული, და შენს ჩაგვრასთან ახლოსაც ვერ მოვა ვერც სორაიას ჩაქოლვა და ვერც მარიტას განკვეთა.

მაგრამ განა მთელი სიძლიერე იმაში არაა, რომ შენი თავის ძალა ირწმუნო? რომ წინ აღუდგე ყველას და იამაყო შენი იდენტობით, საზოგადოებას თვალწინ უფრიალო მახინჯი სიმართლე და მთელი მათი სულიერი მდაბიოება საჯაროდ გააკრა ჯვარზე.

იამაყე იმით, რაც ხარ!

შენ ქალი ხარ!

შენ ტრანსგენდერი ქალი ხარ!

ლადო ბიწაძე

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s