იყო ლგბტ თემის წევრი და საქართველოში ცხოვრობდე, უმეტესწილად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისგან გარიყული ან მასების დაცინვის ობიექტი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ადამიანები უფლებები ქვეყანაში ხშირად ირღვევა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ ჰომოფობიურ საზოგადოებაში წყვილად ცხოვრებას.

27 წლის იოანე და 29 წლის ლუკა  (სახელები შეცვლილია, ავტ.) 2 წელზე მეტია, რაც ერთად ცხოვრობენ.

გაცნობა

იოანე: ლუკამ ფეისბუქზე დამამატა და ვირტუალური ურთიერთობა დავიწყეთ. მე საზღვარგარეთ ვიყავი წასული. რაღაც პერიოდის მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შეხვედრა კი ვერ მოვახერხეთ. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან დაახლოებით, ორი თვის შემდეგ, მეგობართან შევხვდით ერთმანეთს. ასე დავიწყეთ რეალური ურთიერთობა.

ლუკა: ფეისბუქზე ვნახე იოანეს ფოტო, მომეწონა და შევედი, დავათვალიერე. მერე მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე და მერე მივწერე კიდეც.

ურთიერთობა

იოანე: სირთულეები ყოველთვის იყო, თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ახალ ადამიანის გასაცნობად მისი ფსიქოლოგიის შესწავლა და დროის გარკვეული პერიოდის მასთან გატარებაა აუცილებელი. არ მინდოდა არანაირად ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც შეიძლებოდა დღეს ვყოფილიყავი და ხვალ არა. ამიტომ, ნელ-ნელა ვეცნობოდით ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედგა ურთიერთობა.

ლუკა: როგორც ჩვეულებრივ წყვილებსაც აქვთ ხოლმე სირთულეები, ალბათ, ჩვენც გვქონდა პატარა სირთულეები. თავიდან საცხოვრებელი არ გვქონდა – მე ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, იოანე კი თავის ოჯახთან ერთად. ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს, ხან იმასაც ვერ ვახერხებდით ხოლმე.

პირველი სექსი

იოანე: ურთიერთობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ გვქონდა სექსი პირველად, როცა მე და ლუკა დასასვენებლად ქალაქგარეთ გავედით. პირველად ვიყავით ერთად და ყველაზე კარგი პერიოდი გამოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად გავიცანით ერთმანეთი. კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა.

ლუკას პირველ სექსზე საუბარი არ სურს.

ოჯახის წევრები

იოანე: ჩვენი ურთიერთობების შესახებ ოჯახმა, რა თქმა უნდა, არ იცის. მეგობრებმა იციან და არანაირი პრობლემა არ შემქმნია მათთან. მეგობრებს ძალიან უხარიათ, რომ ერთად ვართ და ამბობენ, რომ ყველაზე კარგი წყვილი ვართ.

ლუკა: ოჯახის წევრებმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ არ იციან და მხოლოდ და მხოლოდ ის იციან, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ.

საზოგადოება

იოანე: საკმაოდ რთულია ჰომოფობიურ გარემოში წყვილად ყოფნა. გამომდინარე იქიდან, რომ გარეთ როცა ხარ მუდმივად თავდაჭერილი უნდა იყო, ზედმეტი ემოცია არ უნდა გამოხატო, ვიღაცას თვალში არ უნდა მოხვდე, არ უნდა იყო გამომწვევი. მიზეზიც არ უნდა მისცე, რომ შენკენ ხელი გამოიშვირონ და შეურაცხყოფა არ მოგაყენონ. მუდმივად თავის კონტროლი გიწევს, რაც გამაღიზიანებელია. მარტო მეგობრების წრეში და სახლში შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ.

ლუკა: მე არასდროს მქონია ჰომოფობიური სირთულეები, ჯერჯერობით. ქუჩაში და რესტორანში ვერავინ ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება წყვილი ვიყოთ.

ერთად ცხოვრების სირთულეები 

იოანე: ერთად ცხოვრებას არანაირი სირთულე არ ახლავს იმიტომ, რომ ერთმანეთს ვუგებთ და ერთად კარგად ვგრძნობთ თავს, დანარჩენი მოგვარდება. თუ მე მცალია, მაშინ მე ვაკეთებ სახლის საქმეებს და პირიქით.

ლუკა: ერთად ცხოვრება რთული არ არის, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ეწყობა. სახლში საქმეს თანაბრად ვინაწილებთ. რიგრიგობით ვაკეთებთ საჭმელს.

რჩევა ლგბტ თემის წევრებს და გეი წყვილებს 

იოანე: მთავარია იპოვნონ ის ადამიანი, ვის გვერდზეც ცხოვრება უნდათ და ვინც გააბედნიერებს. ურთიერთობის დაწყებისას წყვილებმა კარგად უნდა აწონ-დაწონონ, მათი ხასიათები შეეფერება თუ არა ერთმანეთს. ერთმანეთის გემოვნებაში უნდა ჯდებოდნენ და ამაზე წინასწარ უნდა დაფიქრდნენ. ლგბტ თემის წევრებს ვუსურვებ ეპოვოთ ისეთი ადამიანი, ვისთან ერთადაც კარგად იქნებიან. მე ბედნიერი ვარ.

ლუკა: ლგბტ ადამიანებს ვურჩევ, იცხოვრონ ისე, როგორც გააბედნიერებთ. არ მიაქციონ სხვის აზრს ყურადღება და “დაიკიდონ” ისიც, თუ რას იფიქრებენ მეზობლები.

(ფოტო გადაღებულია ლუკას და იოანეს საძინებელ ოთახში, ავტ.)

ვახო კვარაცხელია

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

  1. ეს არ არის ნორმალური ! ეს არის გადახრა და მას მკურნალობა სჭირდება თუკი შესაძლებელია… გასაგებია და ძალიან სამწუხარო, დაცინვა და ძალადობა ამ ხალხზე დაუშვებელია, თუმცა არც ამის ტირაჟირება და პროპაგანდაა აუცილებელი და საზოგადოების სწორება ლგბტ პირებზე მიუღებელია!!!

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s