საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტი, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ფორმულირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმია  „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი აქვს.

“ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის  ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.

გარდა ამისა, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“ (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7)”.

რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, საქართველოს სახალხო დამცველი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება უნდა უშვებდეს ღია დებატებს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასა და რელიგიურ რწმენებთან.“

საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რელიგიური შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ ეროვნულ კანონებს გადახედონ. ამავე რეზოლუციის მიხედვით, „დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიურმა ჯგუფებმა, ისევე როგორც სხვა ჯგუფებმა, უნდა შეიწყნარონ კრიტიკული საჯარო განცხადებები და დებატები მათ საქმიანობასთან, სწავლებასა და რწმენასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრიტიციზმი არ უტოლდება განზრახ და გაუმართლებელ შეურაცხყოფას ან სიძულვილის ენას და არ წარმოადგენს სიმშვიდის დარღვევისა და ძალადობის, კონკრეტული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ დისკრიმინაციის წახალისებას. საჯარო დებატები, დიალოგი და რელიგიური ჯგუფებისა და მედიის გაუმჯობესებული საკომუნიკაციო უნარები უნდა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ შემცირდეს მგრძნობელობა, როდესაც ის სცილდება გონივრულ ფარგლებს.“

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, წარმოდგენილი ინიციატივის მიღების საფუძველიც არ არსებობს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი, 2015 წელს შესული ცვლილებების მიხედვით, დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას, რაც გულისხმობს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშნველოვანია, ადამიანებს ქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და  მიმდევრების მიმართ საკუთარი, თუნდაც მიუღებელი აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.

“საზოგადოებაში პლურალიზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს”.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ინიციატივის განხილვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის ახალი არ არის – 2013 წელს, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას სამართალდარღვევად აცხადებდა.

“აღნიშნული ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ. შედეგად, პარლამენტმა არ გაითვალისწინა განსახილველი ინიციატივა.

იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი ერთმნიშვნელოვანი, ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების გამო  საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s