აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა პროექტ “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ფარგლებში 5 წლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანიც ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და სტრატეგიული საქმეების სამართალწარმოებაა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (ENC), “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC), “საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაცია” (GTUC), “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CIDA), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (GYLA) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) – ეს პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა პროექტებიც ქალებს და უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება და წარმომადგენლობა სასამართლოში.

პროგრამა USAID-ის მიერაა დაფინანსებული და საქართველში მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “კანონის უზენაესობის პროექტის” წარმომადგენელი, გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

“ჩვენ ვიკვლიეთ აღნიშნული სფერო და მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებლად იყო საჭირო დამატებითი მხარდაჭერა ორგანიზაციების, რათა ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვის კუთხით მეტი შესაძლებლობა მისცემოდათ. ჩვენი მხარდაჭერა ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება, რათა ჰყავდეთ კვალიფიციური იურისტები და სასამართლოს დახმარებით მოახერხონ მათი უფლებების დაცვა”, – ამბობს ჩხეიძე.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განვითარების დირექტორი, ეკა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ PROLOG-ის ერთ-ერთი ქვემიზანი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კონკრეტულად – ქალებისთვის, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებისთვის, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

“ძალიან ხშირად სამართალდამცავი ორგანოები და ადვოკატები ვერ ახდენენ ქალთა უფლებების ადეკვატურად დაცვას. ასევე, მოსამართლეები ხშირად ექცევიან იმ საზოგადოებრივი აზრის ქვეშ, რომელიც ჩამოყალიბებულია ქალთა უფლებებთან  დაკავშირებით და ეს ირიბად აისახება მათ გადაწყვეტილებებში.

განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის, რომლებიც კულტურულად შეზღუდული არიან და გეოგრაფიული, ფინანსური სირთულეების და ბარიერების გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას. ასევე, პრობლემაა ადრეული ქორწინება. შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ განათლებას და ნაკლები მოტივაცია აქვთ მომავალში დამოუკიდებლობის მისაღწევად”, – ამბობს ეკა ბოკუჩავა.

სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია კაციტაძე ამბობს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სისტემურ ხარვეზებზე აქცენტების გაკეთებაა.

“პრობლემები, რომლებიც ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობების მიმართ არსებობს, უნდა აღმოიფხვრას. ეს სისტემურად მოსაგვარებელი პრობლემებია. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი მათ გვერდითაა და არავის უფლება არ დარჩება დაუცველი”, – ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციისა და ძალადობის საკითხებზე იმუშავებს ისევე, როგორც მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. იურიდიული დახმარების 12 თვიანი პროექტი თბილისში, ახალციხესა და ახალქალაქში განხორციელდება. ხოლო, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების და ქალების მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის საკითხებზე იმუშავებს. ასევე, განახორციელებს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ამავე ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. იურიდიული დახმარების 14 თვიანი პროექტს ორგანიზაცია თბილისსა და ბათუმში განახორციელებს. ხოლო, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქვემო ქართლსა (მარნეული, გარდაბანი) და აჭარაში (ბათუმი) ჩატარდება.

ეკა ჭითანავა ამბობს, რომ ბოლო წლებში გახშირდა რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია. ხოლო, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულია.

“გახშირდა აჭარაში ისლამოფობიის ფაქტები. ხშირია რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები სკოლებში. განსაკუთრებით გაზრდილია რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და სამართალდამცავების რეაგირება არაეფექტური და არაადეკვატურია. ჩვენი ორგანიზაციის კვლევებმა გამოკვეთა, რომ უფასო იურიდიული დახმარება და სტრატეგიული სამართალწარმოება არის მნიშვნელოვანი საჭიროება ამ თემებისთვის.​ ასევე, ვაპირებთ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტებზე მუშაობას, რომელიც მოწყვლადი ჯგუფია და ეს პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – ამბობს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” დირექტორი.

პროგრამის ფარგლებში, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” რელიგიური უმცირესობების და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე იმუშავებს. 18 თვიანი პროექტის ძირითადი მიზანია რელიგიური უმცირესობებისთვის და ქალებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა თბილისში, მაღალმთიან აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და პანკისში.

ხოლო, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ქვემო ქართლს და კახეთის რეგიონში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებზე იმუშავებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის თემებზე განახორციელებს.

რაც შეეხება “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას”, ის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს ჩაატარებს რუსთავში, თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომითი კანონმდებლობის სრულყოფისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების კუთხით, ქვეყანაში იდგმება რიგი ნაბიჯები. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება შრომის კანონმდებლობის გენდერულად არასენსიტიურობა.

პეტრიაშვილის მოსაზრებით, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს ის ფაქტი, რომ წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობებში, დისკრიმინაციის თაობაზე დავის არსებობისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება დასაქმებულს.

“იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ურთიერთობა სუბორდინაციის პრინციპზეა აგებული, სადაც დომინანტი როლი დამსაქმებელს უჭირავს, მტკიცების ტვირთის დასაქმებულისთვის დაკისრებით ფაქტობრივად, მას ესპობა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 30-ე დანართით გათვალისწინებულ დირექტივას”, – ამბობს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე ირღვევა.

“აღნიშნული პროგრამა ქალთა შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რითაც, შესაძლოა ღირსეულად ვუპასუხოთ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლებსაც ქალები შრომითი უფლებების სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან:

მნიშვნელოვნად რჩება ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკოსებს არც ესმით, რომ დისბალანსი ქალსა და მამაკაცს შორის არანორმალურია და 370 ლარს უტოლდება ხელფასს შორის განსხვავება. ეს უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე. გარდა ამისა, ჩვენს აზროვნებაშიც უნდა მოვიდეს, რომ თანაბარი შრომისთვის ქალსაც და კაცსაც თანაბარი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

ასევე, მნიშვნელოვანია სამსახურის აყვანისა და გათავისუფლებას შორის სხვაობა ქალსა და კაცს შორის. როდესაც ამ ბალანსს არ ვიცავთ ქვეყანაში, ევროდირექტივების მოთხოვნების უგულებელყოფა ხდება”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

რაც შეეხება “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს”, ის პროგრამის ფარგლებში ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს. თავის 12 თვიან პროექტს ორგანიზაცია რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისში და დმანისში განახორციელებს.

ხოლო, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ეთნიკური უმცირესობების ქალი წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს. ცნობიერების ამაღლების კამპანიებს განახორციელებს წალკაში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები სომეხი, ებრაელი და აზერბაიჯანელი ქალებისთვის.

ასევე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პროექტის ფარგლებში განახორციელებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების იდენტიფიცირების მიზნით.  ამით შესაძლებელი იქნება მოწყვლადი ჯგუფების და ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსასამართლოს წინაშე.

რაც შეეხება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ორგანიზაცია სამართლებრივი დახმარების ცენტრების მეშვეობით უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების გაწევას თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა USAID-ის მიერაა დაფინანსებული და საქართველში მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

3

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s