მრავალ ადამიანს აწუხებს ეს კითხვა, მათ შორის, მეც:  მაინც რა მოხდა ორგანიზაციაში, რომელიც წლების განმავლობაში გამუდმებული თავის ტკივილის წყარო იყო ხელისუფლებისათვის? ვისაც კითხვა ეზარება, მოკლე პასუხს შესავალშივე იპოვნის: რა მოხდა იდენტობაში და განსაკუთრებული არაფერი, იმის გარდა, რომ 1) ხელისუფლებამ ორგანიზაცია შიგნიდან ააყირავა,  2) აქტიურად შეუდგა პროცესების მართვას და 3) მათი მართული ძალების მეშვეობით ანტიდასავლური კამპანიის აგორებას.

უფრო დაწვრილებით კი, ყველაფერი ასე იყო:

იდენტობა 2010 წლის 8 ნოემბრიდან არსებობს. მეტწილად, მას მე, ირაკლი ვაჭარაძე ვხელმძღვანელობდი. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე აქტიურად დაიწყო ხმების გავრცელება, რომ იდენტობა ნაციონალურ მოძრაობასთან იყო ასოცირებული და მისგან იმართებოდა. ეს ქართული ოცნების პარლამენტარებს ჩემთვისაც კი უთქვამთ პირად საუბრებსა და მტკიცებით ფორმაში. მიუხედავად შავრაზმული მედიის, ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლების და ზოგიერთი სასულიერო პირის გამუდმებული მტკიცებისა, ეს ტყუილი არ შედგა. იდენტობას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს ჰქონია არც ფარული და არც ღია თანამშრომლობა.

ხელისუფლება არც პროვოკატორების გამოყენებას მორიდებია. 2013 წლიდან ციხიდან გამოდის საბუთების გაყალბების და დიდი ოდენობის თანხების მიტაცებით დაპატიმრებული გიორგი ტატიშვილი, იგივე ტრანსგენდერი მაცაცო, იგივე აჭარის სახალხო დამცველი, იგივე სკოლების თვითმმართველობების პრეზიდენტი, იგივე … მოკლედ, გასაგებია რა ტიპის ადამიანზეცაა საუბარი. მაცაცო რამდენჯერმე ეცადა იდენტობას შარში გახვევას და ჩვენ მისგან ყოველთვის შორს ვიჭერდით თავს, მაშინაც კი, როდესაც, როგორც გეი პატიმარს, სამართლებრივ მომსახურებას ვუწევდით. როდესაც  ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ფულთან დაკავშირებულ მაქინაციებში ჩვენი ჩათრევა არ გამოუვიდა, მაცაცო მოულოდნელად გვიპირისპირდება და გორში, სადაც მე არასდროს ვყოფილვარ, პირადად ჩემს წინააღმდეგ მართავს საპროტესტო აქციას. თვითმხილველების ცნობით, ის და მისი რამდენიმე მეგობარი სექსმუშაკი პოლიციამ თბილისიდან ესკორტით მიაცილა და პოლიციამვე წამოიყვანა უკან. აქედან მოყოლებული, მაცაცოს თითქმის ყოველ მეორე კვირას აპიარებს ტელეიმედი, ხელისუფლების ოფიციალური ტელეორგანო. მაცაცო 2014 წლის 17 მაისს გეგმავს პროვოკაციას – ქაშუეთის ეკლესიაში კაბით შევარდნას და ტელევიზიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამის შესახებ მე დროულად გავიგე და ოცნების წევრი რამდენიმე პარლამენტარი გავაფრთხილე დაგეგმილი პროვიკაციის შესახებ. გაფრთხილებამ იმოქმედა. 2014 წელს პროვოკაცია არ შედგა. მაცაცო ყოველ მეორე თვეს წერს პროკურატურაში სხვადასხვა საჩივარს იდენტობას წინააღმდეგ და მას ყოველთვის პროსახელისუფლებო მედიები სრულად აშუქებენ. ეს ადამიანი დრო და დრო გამოდის ჰომოფობიური იდეებით, ხან ჰომოსექსუალობას ინანიებს, ხან ტრასნგენდერია, ხან მსხვერპლი, ხან ე.წ. მამაშა. ეს სპექტაკლი წლები გრძელდება. ყოველი 17 მაისის წინ ის რომელიმე “პოლიტპატიმრის” ხელშეწყობით ცდილობს ლგბტ თემის წევრების მოსყიდვას, რომ პროვოკაცია მოაწყონ. იდენტობა ყოველ ჯერზე ახერხებს ამ ადამიანის ლგბტ თემისგან დისტანცირებას და სკანდალის თავიდან აცილებას. მაშინ როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები  2015 წელს, 17 მაისის დაგეგმვის შეხვედრებზე, მიამიტი სახით მეკითხებოდნენ “ეს მაცაცო ვინააო”, სინამდვილეში არცერთჯერ არ მიიღეს სამართლებრივიზომები, როდესაც ამ ადამიანმა რამდენიმე კომპიუტერული მაღაზიიდან თაღლითურად გაიტანა ნივთები (რის შესახებაც საჯაროდ დაიწერა), როდესაც ჩაიდინა ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დამაზიანებელი ქმედებები (რის შესახებაც სარჩელები პოლიციაში მტვერს იკრებს) და ა.შ. ის ყოველ ჯერზე დაუსჯელი რჩება. მაცაცო მოულოდნელად, კრიტიკულ მომენტებში გააქტიურდება ხოლმე და მაგალითად, ამერიკის საელჩოს წინ საჩვიდმეტმაისოდ პიკეტს აწყობს, ხანაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს ევროკავშირში. სხვა დანარჩენ დროს კი ე.წ. “მამაშობით” ირჩენს თავს ( მაცაცოს თაღლითობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იხილეთ აქ).

ამის პარალელურად იყო 17 მაისები, ორივე ხელისუფლების სამარცხვინო მარცხი და კაპიტულაცია ბნელი ძალების წინაშე, დიდი საერთაშორისო სირცხვილი, უკანონობა და წაგებული და წასაგები საქმეები ევროსასამართლოში. რას არ ეცადა ხელისუფლება, როგორ არ მოინდომა ჩვენი გაცურება და მოტყუება და 17 მაისის ისე დაბლოკვა ან სათავისოდ, მიჩუმათებულად აღნიშვნა, რომ არც წმინდა მწვადი დაეწვა და არც კანონის შამფური.

2016 წელს ევროსასამართლო 2013 წლის მასშტაბური პოგრომის, 17 მაისის დარბევის საქმეზე გამოიტანს გადაწყვეტილებას. ეს ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლო წელია. დრო არ ითმენდა. თუ შარშან გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ნაციონალების ხელისუფლებას მიემართებოდა, წელს გამოსატანი გადაწყვეტილება ნამდვილად ქართულ ოცნებას გაამტყუნებს იდენტობასთან მიმართებით. თანაც, ადვილი საქმეა? 2012 წელს ჩვენი დარბევა ევროსასამართლომ წამებას გაუტოლა. “იდენტობა  საქართველოს წინააღმდეგ” მთელი ევროსაბჭოს მასშტაბით უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად ითვლება. წარმოდგიდგენიათ რა სიმძიმის დასკვნებს გამოიტანს სტრასბურგი 2013 წლის 17 მაისის მასშტაბურ დარბევასთან დაკავშირებით?

სულ ბოლოს, საკმაოდ საპატივსაცემულო სტუმრების თანდასწრებით, ევროკავშირის წარმომადგენელმაც კი აგვიკრძალა ქუჩაში გამოსვლა. მე არ მჭირდება თქვენს გამო საქართველოს უვიზო მიმოსვლა დაებლოკოსო, პირდაპირ მომახალა პირში ეს ფრაზა.  ეს 2015 წელს მოხდა. ცხადია, ამ პატივცემულმა წარმომადგენელმა, რომელიც ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერი ბრძანდებოდა, მწარედ ინანა და მოგვიანებით მოიბოდიშა კიდეც ჩვენს საქმეში ასეთი უხეში ჩარევა. მე კი, ჩემზე გავრცელებული ხმების მიუხედავად, არც ისეთი ცხელთავიანი ვარ, რომ ეს ამბავი საჯაროდ გამომეტანა. ასე გადაგორდა 2015 წლის 17 მაისი. ხელისუფლებამ საბოლოოდ გააცნობიერა რომ ვერცერთი დონორის, პარტიის თუ ეკლესიიდან მომდინარე ზეწოლა მე ლგბტ თემის კანონიერ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვერ მაღალატებინებდა. ამიტომ, მათ ტაქტიკა შეცვალეს და გარედან თავდასხმების მაგივრად, ორგანიზაციის შიგნით მოიძიეს რესურსები.

2016 წლის 18 იანვარს, იმ დროს როდესაც იდენტობა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციისათვის ემზადებოდა, საეჭვო ვითარებასა და მოულოდნელ დროს ჯანყდებიან ორგანიზაციის ორი იურისტი, რომლებთან ერთად მრავალი გაჭირვება გადამიტანია და რომლებთანაც არასდროს არათუ უთანხმოება არ მქონია, არამედ ერთი დირექტორის მოადგილის, ხოლო მეორე უფროსი იურისტის პოზიციაზე დავაწინაურე. ეს ადამიანები, ისე რომ არასდროს არც პირად, არც მესამე პირებთან, არც საჯაროდ ჩემზე დადებით აზრის გარდა არაფერი გამოუხატავთ, მოულოდნელად საჯაროდ მადანაშაულებენ რომ წლების განმავლობაში ვამყოფებდი შიშის, ტერორის, შანტაჟის, უკანონობის  ქვეშ და რომ ახლა მე მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ვემუქრები. უგუნურობა აქ არ მთავრდება. იდენტობას გამგეობამ, ისე რომ ამ წუთამდეც კი არ გამოუხატავს სურვილი ჩემთვის ერთხელ მაინც მოესმინა ან ეკითხა რამდენად სიმართლეს შეიძლება შეესაბამებოდეს ასეთ უცნაურ ვითარებაში ბრალდებათა ასეთი კასკადი, მომწერა წერილი, სადაც დამადანაშაულა იმაში, რომ თურმე წლებია მათ გადადგომა სურდათ და მე ამაში მათ ხელს ვუშლიდი. ფაქტი: იდენტობას დირექტორს გამგეობა ნიშნავს. დირექტორი გამგეობას ვერაფრის დიდებით ვერ გამოცვლიდა.

საბედნიეროდ, ამ წერილის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ მქონდა გამოცხადებული რომ გადავდექი, რომ ჩემი აზრით ჩემი დრო ამოვწურე და შესაბამისი განცხადებით რეესტრისთვისაც მქონდა მიმართული.

მოკლედ, რომ განვმარტო: ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი გადაიბირა, იდენტობას აქამდე აუღებელი ციხე შიგნიდან გატეხა, დანარჩენმა წევრებმა, მათ შორის გამგეობამ, პილატესავით ხელები დაიბანეს, ხოლო ზოგიერთმა ჭკვიანმა ‘კონკურენტმა’ იდენტობას გამგეობას მოსთხოვა ‘ეგ გრანტები ჩვენ გადმოგვიფორმეთო’ (ფაქტი: მსგავსი რამ ბუნებაში არ ხდება) და როგორც ხდება ხოლმე, მონასტერი აირია. მე კი, ბრალდებების გამოძიებისთვის რომ ხელი არ შემეშალა, გამგეობის თხოვნით განზე გავდექი და მოვლენების განვითარებას დაველოდე. სამწუხაროდ, ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია.

ჩემი გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლგბტ თემის და სხვა უმცირესობათა დასაპატიმრებლად და გასაჩუმებლად განკუთვნილი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტი” მოულოდნელად ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოიწონა. ამავე  კვირას,  ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი მაცაცო კვლავ ასპარეზზე ჩნდება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში “ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნით” სარჩელი შეაქვს.  არ მინდა ქედმაღლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ: საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად მინიმუმ ერთწლიანი შრომაა გასაწევი, მის მომზადებაში რამდენიმე ათეული ექსპერტი და იურისტი უნდა იყოს ჩართული და ადამიანი, რომელიც პროსტიტუციით არის დღე და ღამ დაკავებული და სრულწლოვანი ციხეში  ისე გახდა, რომ საშუალო განათლებაც ვერ მიიღო, ამას ვერაფრის დიდებით დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა. ასეთი სარჩელის მომზადებას სჭირდება დიდი ორგანიზაციული რესურსები, წლობით  მიმდინარე კამპანია და ლგბტ თემის თანხმობა. ვინ აცხობს ჩუმად, ლგბტ თემისგან დამალულად, ასეთ სარჩელებს? მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

დარჩა ერთადერთი პასუხგაუცემელი კითხვა: ვინ დაუწერა სარჩელი მაცაცოს?

ამას დღეს შსს-მ და საპატრიარქომ ერთად გასცეს პასუხი: ეკლესია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დევნა მოაწყო იმისთვის, რომ უბრალოდ ქუჩაში ჩვენი მშვიდობიანი გამოსვლა აღეკვეთა, მოულოდნელად მისი იდეების გამხმოვანებელ პოლიციის სამინისტროს მაცაცოსთვის პირადი დაცვის დანიშვნას სთხოვს. რას ემსახურება ეს ფარსი?  როგორც ტაბულას რელიგიის მიმომხილველმა, ლევან სუთიძემ მართებულად აღნიშნა, სავარაუდოდ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიძულონ, უკვე კონსტიტუციურად აიკრძალოს ლგბტ ქორწინების თანასწორობა, რომ გააღვივონ სიძულვილი ლგბტ ადამიანთა მიმართ, რომ ეს ყველაფერი “გეივროპას” მიაწერონ და ისე გაანადგურონ ლგბტ უფლებები, რომ ეს ყველაფერი შიგნით მომხდარ არეულობას მიეწეროს.

ცხადია, არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ვიღაც ირაკლი ვაჭარაძესა და ვიღაც ინგა არახამიას თუ ნინო ბოლქვაძესთან პირად დაპირისპირებას დაუკავშირებს, მაგრამ მოვლენების შორიდან მშვიდი დაკვირვება აჩვენებს: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა გზიდან ჩამოეცილებინა, ლგბტ ქორწინება სამუდამოდ აეკრძალა, ეკლესიის სამართლიანი გამკრიტიკებლები ციხის გზისკენ გაეყენებინა და ამ ყველაფერთან ერთად,  უსაზღვროდ ცინიკურად, ლგბტ ადამიანის უფლებადამცველად წარმოეჩინა თავი.

მაცაცო პოლიციის დაცვით ივლის, მე კრიმინალად შევირაცხები, ლგბტ ქორწინება კონსტიტუციურად აიკრძალება, ლგბტ ადამიანებს კიდევ უფრო სასტიკად შეავიწროვებენ, ანტიდასავლური ისტერია წინასარჩევნოდ პიკს მიაღწევს, იდენტობა გაქრება და თქვენ, ვისაც კომფორმიზმის სიმსივნე ბოლომდე არ მოგდებიათ, ეკლესიის სამართლიანი კრიტიკისთვის ციხეში გიკრავენ თავს.

ასე იყიდა წინასაარჩევნოდ, ეკლესიის ხმები ქართულმა ოცნებამ.

საავტორო ბლოგი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პირად მოსაზრებას და შესაძლოა არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

One Comment

  1. დედა შვილს არ აიყვანს ისეთი ამბები ხდება ამ ქვეყანაში

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s