მოძრაობა “ეროვნულები” კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ცვლილებების შეტანას ითხოვს და შესაბამისი ცვლილების პარლამენტში პროცედურის დასაწყებად დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებს.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა, რომელმაც ასევე მოამზადა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიხედვით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხლი 1106) მიხედვით კი: “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”.

ტომარაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის შეცვლა აუცილებელია, რადგან არსებობს საფრთხე, საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ტატიშვილის სარჩელი დააკმაყოფილოს.

“შეტანილია სარჩელი, რომლის მიხედვითაც ტრანსგენდერმა მაცაცომ მოითხოვა, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის მუხლი. შესაბამისად, ჩვენი ნაბიჯი არის ერთგვარი პრევენცია, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, საქართველოში ფაქტობრივად დაკანონდება ერთი და იმავე სექსის ადამიანების ქორწინება. ამიტომ, კონსტიტუციით უნდა იყოს განმარტებული”.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, ასევე მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო ორშაბათამდე პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების განსახილველად დაშვებისთვის საჭირო 76 ხელმოწერას შეაგროვებს.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის ღირსეული წევრები ხელს მოაწერენ ჩვენს ინიციატივას. ხოლო, შემდგომ დააფიქსირებენ თავიანთ ეროვნულ, პატრიოტულ და ზნეობრივ პოზიციას.

ვფიქრობთ, რომ 1 კვირის ვადაში მოვახერხებთ შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას და იმ პროცედურების დაწყებას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოს კონსტიტუციაში ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს, რა არის ოჯახი და ამითი შეწყდეს ყველა ის პროვოკაციული მითქმა-მოთქმა, რომელსაც ხშირად ადგილი აქვს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

ერთი და იმავე სექსის ქორწინების და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის საკითხი აქტუალური რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ მიმართა, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.

მართალია, სარჩელი ჯერჯერობით განსახილველადაც კი არ არის დაშვებული, საქართველოში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციები ტატიშვილის სარჩელს ემიჯნებიან, მაგრამ ადამიანთა ჯგუფებმა ლგბტ ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაიწყეს.

“იდენტობას” განათლების ოფიცერი, ლადო ბიწაძე “17 მაისთან” ამბობს, რომ ეს აჟიოტაჟი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

“მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ ფონზე ხდება ამ თემის წინ წამოწევა. მალე არჩევნებია და გასაკვირი არ არის, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულირების საგანი ხდება.

საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ქორწინების თანასწორობა კონსტიტუციით იქნეს აღიარებული და ამის შესახებ დღეს შესაბამის განცხადებაც გავრცელდა.

ის მოთხოვნა, რაც ტატიშვილს აქვს, რომ ლგბტ ქორწინება დაკანონდეს, არ მოდის თემიდან. ამ კანონპროექტის სახელწოდებაში “ერთსქესიანთა ქორწინებაა” ნახსენები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მის ავტორს სექსუალობისა და გენდერის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ასევე, ის ფაქტი, რომ საპატრიარქომ მისი დაცვა მოსთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაშინ, როცა სხვა დროს არავისი დაცვის მოთხოვა არ ჰქონია, მივხვდებით, რომ გიორგი ტატიშვილი საპატრიარქოსთან შეთანხმებით მოქმედებს”, – თქვა ბიწაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე უარს იტყვის, მოძრაობა “ეროვნულები” რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s