ლგბტ ორგანიზაციები ლგბტ ქორწინებასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის საკონსტიტუციო სარჩელს ემიჯნებიან.

იდენტობა, თემიდა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ლგბტ საქართველო სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ტატიშვილის ინიციატივა პროვოკაციულია და მიმართულია არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისთვის, არამედ მათი დაზარალებისთვის.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ტატიშვილი შესაძლოა იმ კონკრეტულ ძალებთან იყოს დაკავშირებული, რომლებსაც ლგბტ საკითხები პოლიტიკური სპეკულაციის, დაპირისპირების და დაძაბულობის ინსტრუმენტად გამოყენება სურთ.

“1. საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები განიცდიან დევნას და ჩაგვრას ცხოვრების ყველა სფეროში. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები აგდებენ სახლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებისთვის ხშირია უარი დასაქმებაზე, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების უზრუნველყოფა. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშრად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.

2. სწორედ ზემოთ მოცემული ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა. ლგბტ პირები, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ მათი იდენტობა და ურთიერთობები არ გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს შეიცავს ძალადობის დამატებით რისკს. სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ  ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა.

3. გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან ზემოთხსენებულ ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. შესაბამისად, ეს ინიციატივა ლგბტ ადამიანების ინიციატივად ვერ ჩაითვლება; იგი კონკრეტულად გიორგი ტატიშვილის ინიციატივას წარმოადგენს. მისთვის ასევე ცნობილია, რომ სამწუხაროდ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობების გამო ამ საკითხის წინ წამოწევას მკვეთრად ნეგატიური უკუკავშირი მოჰყვება და ქორწინების განმარტების ცვლილების ალბათობა თითქმის არ არსებობს.

ჩვენ, ლგბტ ადამიანებთან უშუალოდ მომუშავე ორგანიზაციები, ვემიჯნებით როგორც გიორგი ტატიშვილს, ასევე მის ამ ინიციატივას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გიორგი ტატიშვილის ეს ინიციატივა პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული. ამ პიროვნების არაერთი მავნებლური და პროვოკაციული განცხადების თუ ქმედების, და ასევე ამ ინიციატივის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტულ ძალებთან, რომლებსაც ლგბტ ადამიანების საკითხები უნდათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპეკულაციის, დაპირისპირების და დაძაბულობის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ვვარაუდობთ, რომ ტატიშვილის მიერ შეტანილი სარჩელის უკან დგანან პრორუსული პოლიტიკური თუ რელიგიური ძალები, რომლებიც ანტი ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან და სურთ საზოგადოებაში გააჩინონ და/ან გაამძაფრონ საფრთხის განცდა ლგბტ ადამიანების მიმართ.

ზემოთ გამოთქმულ ეჭვს ამყარებს გუშინ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება. აღნიშნული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ შსს-ს გიორგი ტატიშვილის დაცვისაკენ მოუწოდა. მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი განცხადება არც ერთ ლგბტ ადამიანზე და ხშირად პირიქით, მათზე ძალადობის განხორციელების მოტივატორიც იყო, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ საპატრიარქო დგას ამ პიროვნების და მისი ინიციატივის უკან. ჩვენი ეჭვით, სწორედ საპატრიარქოს აწყობს საზოგადოებაში ხელოვნურად მტრის ხატის და შიშის განცდის შექმნა, რათა შეშინინებული ადამიანებით გააგრძელოს მანიპულირება, მოევლინოს ამ ადამიანებს მათ დამცველად და გამაერთიანებლად და შეინარჩუნოს/გაიზარდოს ძალაუფლება. სწორედ ასეთი, შიშზე თამაშის მეთოდებით, საპატრიარქო ინარჩუნებს მის ავტორიტეტს, ძალაუფლებას და სოლიდურ თანხობრივ შემოსავალს”.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 27 იანვარს ელექტრონული საინფორმაციო ვებ-გვერდის ambebi.ge-ის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.

ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ დაიჯერონ, რომ ლგბტ ქორწინების შესახებ ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდის და არ მოახდინონ გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიციფირება.

ორგანიზაციები მედიასაც მიმართავენ თხოვნით, შეწყვიტონ გიორგი ტატიშვილის იდენტიფიცირება, როგორც ლგბტ უფლებადამცველის, რადგან მას არასოდეს განუხორციელებია უფლებადაცვითი საქმიანობა ლგბტ თემთან მიმართებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s