რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა ერთი ამბავი გამახსენა: თურქმა კანონმდებლებმა ქვეყანაში მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წელს შეიტანეს ჩანაწერი (301-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც, ადამიანი, რომელიც საჯაროდ მიაყენებდა შეურაცხყოფას თურქ ერს,  თურქეთის რესპუბლიკას ან თურქეთის პარლამენტს, ასევე სახელმწიფოს სამართლებრივ ინსტიტუტებს, დაისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას თურქეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტით შეხვდნენ, კანონი მაინც მიიღეს და ალბათ, ბევრსაც ეგონა, რომ ამით დაცული იქნებოდა თურქი ერი არასასურველი შეურაცხყოფისგან. თუმცა, კი, რელიგიური გრძნობების ცნების მსგავსად, აქაც გაურკვეველი იყო, რა იგულისხმებოდა “თურქი ერის შეურაცხყოფაში”.

ამ ტერმინის დედააზრის გაგებისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია თურქულ საზოგადოებას. აღმოჩნდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, თურქეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და ერთადერთი თურქი ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ორჰან ფამუქი იყო ამ დანაშაულის ამსრულებელი.

2005 წლის თებერვალში ფამუქმა ერთ-ერთ შვეიცარიულ გამომცემლობას მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა, რომ თურქეთში ნამდვილად განხორციელდა სომეხთა გენოციდი და, სხვებისგან განსხვავებით, ის ამაზე ლაპარაკს არასდროს მოერიდებოდა. ამის შემდეგ, თურქეთში დაიწყო გამოძიება ფამუქის წინააღმდეგ, მას ბრალი ედებოდა “თურქი ერის შეურაცხყოფაში”. ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომელიც განსაკუთრებით ებრძოდა ფამუქს, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ თურქეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი. სასამართლომ ფამუქი დამნაშავედ ცნო “თურქი ერის შეურაცხყოფაში” და კომპენსაციის სახით, 6 ათასი ლირას გადახდა დააკისრა. ამ პროცესში ფამუქს მხარს უჭერდნენ დასავლელი მწერლები, ჟოზე სარამაგო, გაბრიელ გარსია მარკესი, გიუნტერ გრასი, უმბერტო ეკო, მარიო ვარგას ლიოსა და ჯონ აპდაიკი. ეს უკანასკნელები ფამუქის წინააღმდეგ წარმოებულ პროცესებს ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებდნენ.

ორჰან ფამუქს გაუმართლა, თურქეთის მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა უარი თქვა ფამუქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. თუმცა, მწერალს 6000 ლირას გადახდა მაინც მოუწია.

ფამუქის მაგალითი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ახალი კანონპროექტის მიღება განსაკუთრებით დააზარალებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას ინტელექტუალური თვალსაზრისით ასაზრდოებენ და თავისი ლიტერატურული თუ სხვა ტიპის შემოქმედებით მას კრიტიკული აზროვნებისკენ უბიძგებენ. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძლევამოსილ და მაღალანაზღაურებად ინსტიტუტად ეკლესია გვევლინება, მასზე აუგის მთქმელების დასჯით იქნებ კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას ვანიჭებთ მის ძალაუფლებას, შესამჩნევად ვშორდებით სეკულარული სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპებს და უგულებელვყოფთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უინსტონ ჩერჩილი რამდენიმე ათწლეული წლით ადრე ამბობდა, რომ ადამიანთა ნაწილის აზრით, სიტყვის თავისუფლება იმის თქმაა, რაც მათ მოსწონთ. ხოლო, როგორც კი შენ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამ, ამას უკვე შეურაცხყოფად გითვლიან. ვგონებ, ინგლისის პრემიერი მართალი აღმოჩნდა.

მარი სანფონი

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s