გამარჯობა,

მე ნიკა ვარ, უკვე 19 წლის. მინდა, მოგიყვეთ, თუ როგორ მაბულინგებდნენ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, როგორ მექცეოდნენ თანაკლასელები და მასწავლებლები იმის გამო, რომ სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონიდან ვარ და მეგრული კილო მაქვს.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოჯახში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემს მშობლებს საზღვარგარეთ მოუწიათ წასვლა. მე კი ჩემმა ნათესავებმა წამომიყვანეს თბილისში, მათთან საცხოვრებლად. მაშინ ჯერ კიდევ 11 წლის ვიყავი. ძალიან განვიცადე ჩემი ეზოს, სახლის, მეგობრების, კლასელების და მეზობლების დატოვება. თუმცა, სხვა გზა არ იყო, რადგან 11 წლის ასაკში სოფელში მარტო ვერ ვიცხოვრებდი. თბილისში ჩამოსვლის მერე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დავიწყე სიარული, მე-8 კლასში ვიყავი.

როცა პირველად დამცინეს, ვერ მივხდი, რატომ ახმაურდა მთელი კლასი. მასწავლებელს შევხედე და მეც გამეღიმა. ვიფიქრე, ალბათ, რამე შემეშალა-თქო და გაკვეთილის თხრობა გავაგრძელე. მასწავლებელმა კალამი მაგიდაზე რამდენჯერმე დააკაკუნა სიჩუმისკენ მოწოდების ნიშნად, მაგრამ ბავშვები არ ჩერდებოდნენ, უფრო ძლიერად აგრძელებდნენ სიცილს. შემდეგ, ჩემს კლასელებთან ერთად მასწავლებელმაც დაიწყო სიცილი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შენიშვნას აძლევდა, ისიც მათსავით იცინოდა. სირცხვილისგან ცივმა ოფლმა დამასხა და გაკვეთილის მოყოლა შევწყვიტე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, თვალებზე ცრემლი მომადგა. მივხვდი, რომ ჩემს კლასელებს ჩემი კილო ეხამუშებოდათ და ამის გამო დამცინოდნენ. საქართველოს ყველა კუთხეში რომ სხვადასხვანაირი კილოა, ეს ხომ ყველამ იცის და ამაში სასაცილო რა უნდა ყოფილიყო?!

მას მერე ყოველი დილა ჩემი დაცინვით იწყებოდა. როცა სკოლაში მივიდოდი, დილით, 9 საათზე ჩემს ადგილას ვჯდებოდი, წიგნს ამოვიღებდი და გაკვეთილის გამეორებას ვიწყებდი. როცა ჩემი კლასელები მოდიოდნენ, ერთმანეთს მიესალმებოდნენ, გადაკოცნიდნენ და ა.შ. ჩემთან არავინ არ მოდიოდა და არც არავინ მესალმებოდა. ეს ჩემთვის ძალიან დამრთგუნველი იყო. როცა ზარი დაირეკებოდა, ადგილიდან არ ვდგებოდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვცადე, ბავშვები გამეცნო, თუმცა, როგორც კი ხმას ამოვიღებდი, ისინი სიცილს იწყებდნენ და ამიტომ არავის არაფერს ვეუბნებოდი. ჩემი არსებობა სკოლაში არავის ადარდებდა – არც კლასელებს და არც მასწავლებლებს. სხვა სკოლაში გადავსულიყავი? აზრი არ ჰქონდა, იქაც დამცინებდნენ.

კვირაში ხუთ ჯოჯოხეთად ქცეულ დილას მხოლოდ იმიტომ ვუძლებდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. გათენება და მზის ამოსვლა არ მიხაროდა. ვიცოდი, რომ სკოლაში უნდა წავსულიყავი.

მას შემდეგ, რაც გაკვეთილის მოყოლისას  თანაკლასელებმა დამცინეს, გადავწყვიტე, გაკვეთილი საერთოდ არ მომეყოლა და არც დაფასთან გავსულიყავი. როცა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა, ვუთხარი, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი. თუმცა, ის და სხვა ყველა მასალა ჩემს კლასელებზე უკეთაც კი ვიცოდი. მაგრამ, კლასელების დაცინვას ტყუილი ვარჩიე.

მას მერე ასე ვაგრძელებდი. მასწავლებლები შენიშვნას მაძლევდნენ, მაგრამ მე მაინც არ გავდიოდი დაფასთან გაკვეთილის მოსაყოლად. მერე უკვე დაბალი ნიშნებს მიწერდნენ, მაგრამ ეს ვარჩიე.

ასე, ნელ-ნელა სწავლაზეც ხელი ავიღე. ვფიქრობდი, რატომ უნდა ვისწავლო, როცა ისედაც დაბალ ქულებს მიწერენ-მეთქი. ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ცოდნა ისევ მე მჭირდებოდა.

ასე გრძელდებოდა წლები. მერე სკოლაში სიარულიც შევწყვიტე.

ახლა მე-12 კლასში ვარ. სკოლაში თითქმის აღარ დავდივარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. ყოველ დილას სტრესის და დაცინვის მოლოდინის გარეშე ვიღვიძებ. ვმუშაობ, საკუთარი შემოსავალი მაქვს. მუშაობის პროცესში კი იმ პროფესიას ვეუფლები, რაც ყოველთვის მომწონდა.

ვფიქრობ, რომ სკოლაში ბავშვებმა არ უნდა დასცინონ კლასელს იმ მიზეზით, რომ ის მათგან რამე ნიშნით განსხვავდება. მათ საერთოდ არ იციან, რამდენი რამ გადაიტანა ცხოვრებაში დაცინვის ობიექტმა. შესაძლოა იმდენი, რამდენიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ვერ იგრძნონ.

კარგი იქნება, თუ სკოლებში მასწავლებლებს დატრენინგებენ და ბულინგის ნიშნების აღმოჩენისთანავე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. კარგი იქნება, თუ მშობლები თავიანთ შვილებს აუხსნიან, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, მაგრამ ყველა თანასწორია.

ჩვენ, ბულინგის მსხვერპლები ჩაკეტილები ვხდებით. სუიციდის სურვილი გვიჩნდება. ვერიდებით ხალხში გამოჩენას. გვგონია, რომ ქუჩაში ყველა ჩვენ გვიყურებს. გვგონია, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ. ამ მდგომარეობიდან გამოსვლას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ნუ გვაბულინგებთ!

ნიკა შენგელია

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s