მიუხედავად იმისა, რომ ადელაიდა ფიზიკურად კაცია, მას XX ქრომოსომა აქვს. ის ინტერსექსია. ამის შესახებ მან შედარებით გვიან გაიგო. თუმცა, ბავშვობიდან გრძნობდა, რომ სხვების მსგავსი არ იყო, რომ ვერ ჯდებოდა ჰეტერონორმატიულ და ცისნორმატიულ საზოგადოებაში.

“ბავშვობიდან ვიცოდი, რომ განსხვავებული ვარ. ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით უფროსია. როდესაც მას გარდატეხის პერიოდი დაეწყო ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა ერექციებზე, პოლუციებზე და მსგავს საკითხებზე. მე ვერ ვხდებოდი ამას, რადგან მე ასეთი განცდები არ მქონდა.

გარდატეხის პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ, გვიან დამეწყო, ვყალიბდებოდი სხვანაირად. მქონდა თეძოები, მეზრდებოდა ბარძაყები, ფორმირდებოდა სარძევე ჯირკვლები… ვერ ვხდებოდი, თუ რატომ მქონდა მკერდიდან გამონადენი. დაბნეული ვიყავი, ძალიან.

5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩამიტარეს ჰორმონალური ბალანსის გამოკვლევა. ამ პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. ზუსტად 5 წლის ასაკში ერთდროულად გადავიტანე ბოტკინი და ტუბერკულიოზი. 90-იანების პერიოდი იყო, მე კი ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი. დღითი დღე უფრო და უფრო მიმძიმდებოდა მდგომარეობა. დედაჩემი ამ ამბავს ცრემლების გარეშე ვერასდროს იხსენებს. როდესაც ექიმი პრაქტიკანტებთან ერთად შემოდიოდა პალატაში, ეუბნებოდა – აბა იყნოსეთ, გრძნობთ როგორი აცეტონის სუნია, ეს ბავშვი ხვალ ან ზეგ მოკვდებაო. საშინელება იყო ეს მომენტები. სწორედ მაშინ ჩამიტარდა ჰორმონალური ბალანსის ანალიზი და დამტკიცდა, რომ ესტროგენის დიდი რაოდენობა მქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული დავიწყე ჰორმონების, კერძოდ, ტესტოსტერონის მცირე დოზით მიღება იმისათვის, რომ ორგანიზმს გადარჩენისთვის ებრძოლა და ეარსება. როდესაც საზღვარგარეთ გავემგზავრე სასწავლებლად, სწორედ მაშინ ვიგრძენი თავისუფლება. საკუთარი თავის გამოხატვა დავიწყე. შემეძლო შემეღება თმა, გამეკეთებინა პირსინგი, ჩამეცვა კაბა. ამ საკითხით ერთ-ერთ ექიმს მივაკითხე, რომელმაც გადამამისამართა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ერთი თვით მწვავე ფსიქიატრიულში დამაწვინეს. მათთვის მიუღებელი იყო, როდესაც ბიოლოგიურად მამრობითი სქესის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის ქალია. ყველაფერი შიზოფრენიას მიაწერეს და დაიწყეს მკურნალობა. იქ ჩამიტარეს ქრომოსომული ანალიზი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მე მაქვს XX ქრომოსომა. ეს იყო ნათელი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მე ინტერსექსი ადამიანი ვიყავი”, – ამბობს ადელაიდა “17”-თან საუბარში.

12666497_1070569426296875_284819899_n

ადელაიდა

ზოგადად, ადამიანის სქესს 6 კრიტერიუმი განსაზღვრავს, ესენია: ქრომოსომული სქესი – მამრობითი სქესის ორგანიზმში XY, ხოლო მდედრობითში XX ქრომოსომებით განისაზღვრება; გონადური სქესი – მამრობითი სქესის ორგანიზმში სათესლეებით, ხოლო მდედრობითში საკვერცხეებით განისაზღვრება; გამეტური სქესი – მამრობითი სქესის ორგანიზმში სპერმატოზოიდებით, ხოლო მდედრობითში კვერცხუჯრედით განისაზღვრება; ჰორმონალური სქესი – მამრობითი სქესის ორგანიზმში ანდროგენებით, ხოლო მდედრობითში ესტროგენებით განისაზღვრება; გამრავლების შინაგანი სტრუქტურა – მამრობითი სქესის ორგანიზმში ასეთი რამ არ არსებობს, ხოლო მდედრობითში საშვილოსნოთი განისაზღვრება; გარე სასქესო ორგანოები – მამრობითი სქესის ორგანიზმში პენისით, ხოლო მდედრობითში ვაგინით განისაზღვრება.

ადამიანს ამ 6 კრიტერიუმებიდან თითოეული მათგანი, ან ერთი ან მეორე სქესისთვის დამახასიათებელი აქვს. მაგ: თუ ადამიანს აქვს XX ქრომოსომა: საკვერცხეები, კვერცხუჯრედი, ესტროგენი, საშვილოსნო და ვაგინა – იგი მდედრობითი სქესის არის. თუმცა, ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას შეიძლება მოცემული 6 კრიტერიუმებიდან ნაწილი ერთი სქესისთვის დამახასიათებელი, ნაწილი კი მეორე სქესისთვის დამახასიათებელი ჰქონდეს. მათ ინტერსექსუალად მოიხსენიებენ.

მართალია, სქესი მყარი ფიზიკური მოცემულობაა, თუმცა თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია მისი შეცვლა გარკვეული პროცედურების საშუალებით. მაგ: ჰორმონალური თერაპიის დროს იცვლება ადამიანის ჰორმონალური სქესი. ხოლო, სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის შედეგად გარე სასქესო ორგანოს და გამრავლების შინაგანი სტრუქტურის შეცვლაა შესაძლებელი.

როდესაც საქმე ფიზიკურ მახასიათებლებს არ ეხება, ინტერსექსის გამოვლენა შედარებით ძნელი ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ ის ინტერსექსია, თუ კი მან არ ჩაიტარა კონკრეტული გამოკვლევები.

ადელაიდას თქმით, ძნელია აღმოაჩინო, რომ ინტერსექსი ხარ.

“ჩემთვის რომ არ ჩაეტარებინათ გამოკვლევა, ვერც კი გავიგებდი, რომ ინტერსექსი ვარ. გავაგრძელებდი იგივე ცხოვრებას ჰორმონალური თერაპიით და გავაგრძელებდი ცხოვრებას ტკივილებით, რომელიც მკერდის გაზრდით იქნებოდა გამოწვეული. თუმცა, იმის გაგებას, რომ მე ინტერსექსი ვარ, არც ჩემს პიროვნებაში და არც ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები არ მოუხდენია.

ჩემს ოჯახში ყველამ იცის, რომ ინტერსექსი ვარ, რადგან მაქვს ექიმის შესაბამისი დასკვნა. ოჯახში აღარ მაქვს პრობლემა იმაზე, თუ რატომ ვარ ფემინური და რატომ მაქვს ქალისთვის დამახასიათებელი ქცევები. სანამ ექიმის დასკვნა მექნებოდა, ოჯახს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ. მამაჩემი ჰომოფობი და ტრანსფობია. მისთვის მიუღებელია ჩემი ქცევა.

გარდატეხის პერიოდშივე ვყალიბდებოდი როგორც გოგონა. ვმეგობრობდი გოგონებთან, თავს ფემინურ გმირებთან ვაიგივებდი, სულ ვთამაშობდი გოგონებისთვის სპეციფიკურ თამაშებს. ეს ყველაფერი ჩემი ძმებისთვის და დებისთვის მიუღებელი იყო. ყოველთვის ვიყავი შეურაცხყოფისა და ძალადობის ქვეშ. ხოლო, როდესაც ექიმმა დამიდო დასკვნა, რომ ვარ ინტერსექსი, მათი ჩემდამი დამოკიდებულება დადებითისკენ შეიცვალა. დღესდღეობით, ჩემი ძმები ბოდიშებს მიხდიან და ახლა კარგად ვართ. დებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი ერთი და თავის ტანსაცმელსაც კი მჩუქნის”, – ამბობს ადელაიდა.

არსებობს ინტერსექსის გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს. მაგ: კლინეფელტერის სინდრომი. მშობლები და ექიმები ხშირად ინტერსექს ახალშობილებს თავიანთი გადაწყვეტილებით რომელიმე კონკრეტულ სქესს მიაწერენ და ოპერაციასაც უკეთებენ, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალშობილის სხეული მშობლების მიერ არჩეულ სქესთან. ეს პრაქტიკა სულ უფრო მეტად საკამათო ხდება და მის წინააღმდეგ ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები გამოდიან.

ადელაიდა აღნიშნავს, რომ მშობლების მსგავსმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, მათი ინტერსექსი შვილების ცხოვრება სრულად დაამახინჯონ.

“წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა რომ მქონდეს, მშობლებს ვეტყოდი, რომ არ გავეზარდე ცისნორმატიულად და ჰეტერონორმატიულად. ვიცი, რომ ამ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა.

ყველა მშობლებს ვურჩევ, მისცენ ბავშვებს არჩევანის უფლება. დაელოდონ თავიანთი შვილის გაზრდას. მე შესანიშნავად მესმის, რომ სოციუმი დიდ გავლენას ახდენენ მათზე. თუმცა, მაინც ვურჩევდი, რომ ბავშვს მიანდონ ამ ყველაფრის გარკვევა და თავად გააკეთოს ბავშვმა არჩევანი, თუ ვინ უნდა, რომ იყოს”.

და მაინც, სექსუალური ანატომიის როგორი ვარიაციები შეიძლება ჩაითვალოს ინტერსექსად? ამ კითხვაზე ერთი და ცალსახა პასუხი არ არსებობს. სწორედ ბიოლოგიური ვარიაციებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ინტერსექსი როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური კატეგორია.

ანა სარალიძე

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s