ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველომ”ეჭვმიტანილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ პირთა პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანა “გასაუბრების მიზნით” ხდებოდა და შემდგომ რამდენიმე საათში ეცნობებოდათ, რომ დაკავებულები იყვნენ.

პრობლემაა ინფორმაციის მიღების უფლების საკითხი, დუმილის უფლების პრაქტიკული განხორციელება, დაკავებულთა სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლების პრაქტიკული იმპლემენტაცია და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების დაკავების დროს პროცედურების ჯეროვნად განხორციელება.

ანგარიშში ასევე საუბარია თარჯიმნისა და თარგმანის ხელმისაწვდომობაზე. გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც მრავალ ბრალდებულს არ შეეძლო პროცესში სრულყოფილი მონაწილეობა.

ექსპერტებმა 2014-2015 წლებში დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლეს და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე შს სამინისტროს და სხვა საგამოძიებო ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართეს.

კვლევა პოლიციის სამ დაწესებულებაში ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და თელავში. ექსპერტთა ჯგუფი ორი თვის განმავლობაში პროცესს აკვირდებოდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ პოლიციის დაწესებულებაში მათ სრულ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ. თუმცა, ჰქონდათ საშუალება, მეტ-ნაკლები წარმოდგენა შექმნოდათ მიმდინარე პროცესებზე.

“კვლევის მიზანი იყო საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოკვლევა, რომელიც ახასიათებს ჩვენს სისტემას. გამოიკვეთა, რომ არის ხარვეზები იურიდიული დახმარების წვდომასთან დაკავშირებით, არის პრობლემები დაკავებული პირების დოკუმენტირებასთან და მათ პოლიციის დაწესებულებებში გადაყვანასთან დაკავშირებით. მთავარი მიგნება არის ის, რომ დაკავებული პირების მიყვანა ნაცვლად წინასწარი დაკავების იზოლატორებისა, ხდება პოლიციის დაწესებულებაში. ეს მნიშვნელოვანი ხარვეზია და უნდა აღმოიფხვრას. ასევე, გარკვეული პრობლემებია ე.წ. გასაუბრების პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ცდება მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს. ძირითადად არის შემთხვევები, როცა დაკავებულს გამომძიებელი განუმარტავს თავის უფლებებს. თუმცა, ეს ვერ ხდება მაშინ, როცა ადამიანს აკავებს რიგითი პოლიციელი. ასეთ შემთხვევაში მას ინფორმაციის უფლება ჩამორთმეული აქვს”, – ამბობს მშვენიერაძე. 

კვლევის პრეზენტაციას პროკურორი ნათია მეზვრიშვილიც დაესწრო. მისი თქმით, ფონდის მიერ მომზადებული კვლევა ძალიან საინტერესოა.

“საკმაოდ საინტერესო კვლევაა, რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადებას და ამ პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბრალდებულები არ სარგებლობენ პირველადი დაკითხვისას ადვოკატის მომსახურებით, რაც ართულებდა შემდგომში დაცვის უფლებით სარგებლობას და მრავალი პროცედურული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელი ხდებოდა.

“პოლიციის დაწესებულებებში გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ პოლიციამ შეიძლება მიაწოდოს დაკავებულს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ. გამომძიებლები კი ხშირად სხვადასხვა ხერხით ცდილობენ დაკავებულს დაკითხვის დროს მოწმესავით მოეპყრონ და ამგვარად შეასუსტონ მისი დუმილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის უფლება. მკვლევარების დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევაში პოლიცია დაკავებულებს მოწმის სტატუსით კითხავდა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბრალის წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულება”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცავები დაკავებულს მისი უფლებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აწვდიან. უმეტეს შემთხვევაში, დაკავებულს თავის უფლებებს პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უმარტავენ.

ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ ექსპერტთა ჯგუფი არაერთხელ შეესწრო შემთხვევას, როდესაც გამომძიებელი სხვადასხვა ხერხის მეშვეობით პირს მოწმის სტატუსით კითხავდა და სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა პირს აგრძნობინონ, რომ მისი სამართლებრივი ვალდებულებაა მის ხელთ არსებული ინფორმაციის პოლიციისათვის მიწოდება მაშინაც კი, როდესაც ეს ინფორმაცია პოტენციურად ან ირიბად მის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

კვლევის ფარგლებში ექსპერტები რეკომენდაციებს გასცემენ:

• სამართალდამცავმა პირმა ზეპირსიტყვიერად უნდა განუმარტოს დაკავებულს მიდი უფლებები მისთვის გასაგები ფორმით, რათა საშუალება მისცეს, ისარგებლოს ამ უფლებით.

• პირის “გასაუბრების” მიზნით დაკავების პრაქტიკა უნდა დასრულდეს, ვინაიდან ის თვითნებური გადაწყვეტილების მიღების დიდ რისკს მოიცავს.

• ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სპეციალური გაიდლაინები თვითნებური გადაწყვეტილებების და ქმედებების შესამცირებლად მომავალში.

• სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გააუმჯობესონ მთარგმნელობითი მომსახურეობის შესყიდვის მენეჯმენტი და უზრუნველყონ ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმანის ხელმისაწვდომობა. 

• უნდა გაუმჯობესდეს იურიდიული დახმარების ადვოკატთა ხარისხი და ძალისხმევა ადეკვატური ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყოფით.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s