გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვა არის მცდელობა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და მავანმა პოლიტიკურმა ძალებმა პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ. კომენტარი გიგლა აგულაშვილმა დღეს გააკეთა.

“მგონია, რომ აქ მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ მავანმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები არცერთი არ არის ენდემი, არცერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე, ერთი არის ჭაობის კიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. ახლა გადატანა გულისხმობს რას – A წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს B წერტილში. თუ კითხვები ისმება იმაზე, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები გადატანისათვისაც და იმისთვისაც, რომ არ გახმეს, მზად ვარ, ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ საუბარია, რომ ხე საერთოდ არ უნდა იქნას გადატანილი ერთი წერტილიდან მეორეში, ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური და სწორი პოზიცია არ არის”, – თქვა აგულაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ხეების გადატანას “ივანიშვილის პირად ახირებას” უწოდებს, რადგან მათი ინფორმაციით, მცენარეები სწორედ ექსპრემიერის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, მინისტრი ამბობს, რომ არ იცის, დამკვეთი ვინ არის.

“მე ვლაპარაკობ მცენარის გადატანაზე და არა დამკვეთებსა და შემსრულებლებზე. არც შეკვეთა მიმიღია, არც ის ვიცი, დამკვეთი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროშია, რომ მცენარეები როგორც ცოცხლობდნენ A წერტილში, ისევე ცოცხლობდეს B წერტილში”. 

ასწლოვანი ხეების გადარგვაზე კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. თემურ მურღულიამ თქვა, რომ 3 ხის გადატანა ეკოლოგიურ პრობლემას ვერ შექმნის.

“კონკრეტულად ეს ხეები იქნა ჩვენს მიერ შესწავლილი. კომპეტენტური სპეციალისტების ჯგუფთან ერთად პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც მოხდა ამ ხეების დათვალიერება, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ განცხადებებიდან, რომლებიც მოვისმინე, რამდენიმე რამ არსებითად მცდარია. ეს ხეები არ არის წითელი ნუსხის, არც ერთი ფორმით ენდემური და ამ ტიპის ხეები ძალიან ბევრია, როგორც ლოკალურად, ასევე რეგიონში. ნებისმიერი განცხადება იმის თაობაზე, რომ ან ასაკით, ან თავისი სახეობით ეს არის უნიკალური ხეები – ეს არის არსებითად მცდარი. არსებითად მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ამ სამი ხის გადარგვა გამოიწვევს რაიმე ფორმით ეკოლოგიურ პრობლემას. ეს არის ინტენსიური გამწვანების ზოლი და შესაბამისად, სამი ხის ამოღება და გადარგვა ვერანაირად ვერ გამოიწვევს ეკოლოგიური ხასიათის პრობლემას”. 

მისივე თქმით, 3 ხის გადარგვა არც წყლის ბალანსს დაარღვევს, ამასთან ხეების გადარგვა სპეციალური დანადგარით, მათი ფესვების დაზიანების გარეშე მოხდება.

ციხისძირში უკვე რამდენიმე დღეა, ხეების გადარგვას აპროტესტებენ. დღეს მათ სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს.

ამის გამო გუშინ “პარტიზანი მებაღეების” სამი წევრი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კერძო კომპანია შპს “ზიმოს” გადასცა. ერთ ტიტას და ორ ჭაობისკიპარისის ხეში “ზიმომ” 6200 ლარი გადაიხადა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s