იბადები, ახელ თვალებს და ისეთ სამყაროში ხვდები, სადაც ყველაფერი მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებულია. აქ ყველაფერი უნიკალურია. ორი ყვავილიც კი არ არის ერთმანეთის იდენტური. უმეტეს შემთხვევაში ამ ყველაფერს ხედავ. თუმცა, ვერ ხვდები, გონებამდე არ უშვებ.

იზრდები და ყალიბდები. საზოგადოების სარკე ხარ. სარკე, რომელიც მხოლოდ გამოსახულებას ირეკლავს, ყოველგვარი არსის გარეშე. უბრალოდ შენ ვიღაცის არასრულყოფილი,  ”უსულო” ანარეკლი ხარ. თუმცა, ეს არ გაწუხებს. იღვიძებ და ხვდები, რომ საზოგადოების სრულყოფილი წევრი ხარ – თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებ კრიტერიუმებს. ხარ სტანდარტული, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელიც რუტინაში თავს ბედნიერად გრძნობს. რომელსაც არაფერი განსხვავებული არ იზიდავს, არც სხვა ადამიანების განსხვავებულობისადმი ლტოლვას მიესალმება და მით უმეტეს, არც ადამიანს, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები, მსოფლმხედველობა, რწმენა აქვს. უფრო მეტიც, ყველაფერი განსხვავებული შიშს ჰგვრის, რადგან განსხვავებულობა გადახრაა. იმ ნორმებიდან გადახრა, რასაც მთელი შენი არსებობის პერიოდში გაწვდიდნენ ის სარკის ანარეკლები, რომელთაც ჰუმანიზმზე, სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვთ მოპოვებული.

ჩვენ დეჰუმანიზებული ჰუმანიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეპოქაში, სადაც მთავარი ღირებულება არა ადამიანი, არამედ ის წესებია, რომლებსაც ბავშვობიდან გვასწავლიან და გვაიძულებენ, დავიცვათ. წესები, რომელთა არსიც შეიძლება მხოლოდ ერთეულებს ესმოდეთ.

დეჰუმანიზებული ჰუმანიზმით გაჯერებული ადამიანების საზოგადოება ძალიან ჰგავს მადამ ტუსოს მუზეუმს, სადაც ცვილის ფიგურები ადამიანების თითქმის ზუსტი ასლები არიან. თუმცა, მათ შიგნეულიობა აკლიათ, გონი, რომელიც ადამიანს მნიშვნელობას ანიჭებს. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, ჩვენ ყოველდღე ვშიგნავთ ჰუმანიზმს და სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილით ვასაზრდოებთ. თუმცა, ეს ყველაფერი არც ისე ადვილი შესამჩნევია. ადამიანებმა შემოვლითი და შეფარვითი გზები ვისწავლეთ, მათ შორის სიძულვილშიც. დღესდღეობით, სიყვარულს, რწმენასა და სიკეთის მიღმა ამოფარებული სიძულვილით ვსაზრდოობთ. ამ ყველაფერს ადამიანის ნარცისული ბუნებისთვის ორმაგი სარგებელი მოაქვს: საზოგადოებაში ”კეთილად” წარმოჩენა და საკუთარ თავთან (სინდისთან) სიძულვილის გამართლება და ლეგიტიმაცია. იქამდე ”განვვითარდით”, რომ საკუთარი თავის მოტყუებაც კი ვისწავლეთ და ვიჯერებთ, რომ თუნდაც ჩვენი სიძულვილი ერთ, მარადიულ და მნიშვნელოვან მისიას ემსახურება – ვიხსნათ ადამიანები განსაცდელისგან, განსავავებულობისგან, თავისუფლებისგან, რომელიც, მათი აზრით, ადამიანებს თავაშვებულობასა და უბედურებაში აგდებს.

ხელოვნური ჩარჩოების გამო, უფრო და უფრო ვშორდებით ბუნებრივს, ვშორდებით სამყაროს, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ ვართ. იმედი მაქვს, ერთ დღესაც გავიღვიძებთ, ლითარგიულ ძილს თავს დავაღწევთ, თვალებთან ერთად გონებასაც გავახელთ და დავინახავთ სამყაროს, სადაც ყველა განსხვავებულია, თუმცა, თანაბრად მნიშვნელოვანი. დავინახავთ სამყაროს, სადაც ყველა თავისუფალია, ჩარჩოებისა და ნორმების გარეშე.

სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ავსებს.

სამყარო, სადაც სარკეები არ იარსებებს !

ავტორი: ანა სარალიძე

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s