ტრეფიკინგის პრევენცია, სექსინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების დაცვა, სექსმუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება, არასრულწლოვანთა სექს მუშაობაში ჩართვის პრევენცია, ბიუჯეტის მატება და ა.შ. – ეს იმ დადებითი შედეგების ჩამონათვალია, რომელსაც ლეგალიზებული პროსტიტუცია გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროსტიტუცია კრიმინალიზებულია, აქ მის თითქმის ყველა ფორმას შეხვდებით – ქუჩის “პანელებიდან” დაწყებული, პროსტიტუციისთვის ადგილებისა და საცხოვრებელი ფართების გამოყოფით დამთავრებული.

საქართველოში პროსტიტუცია შრომად არ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ სექსმუშაკების მომსახურებით ბევრი სარგებლობს, ქმედება მაინც ამორალურ საქციელად ითვლება. შესაბამისად, სექსმუშაკები მოწყვლად და სტიგმატიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზი სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. ამ ფაქტს სექსმუშაკებიც უსვამენ ხაზს. მათი თქმით, სექსსამუშაო შემოსავლის ერთადერთი წყაროა და სისტემა სხვა გამოსავალს არ სთავაზობს. თუმცა, არსებობენ ქალებიც, რომლებიც თავად ირჩევენ, როგორ გამოიყენებენ თავიანთ სხეულს.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ქალებს თავის და ოჯახის სარჩენად სხვა გამოსავალი არ აქვთ, შრომის ამ სახეს ქართული სამართლის სისტემა კრძალავს და მკაცრ სანქციებსაც აწესებს:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი ამბობს, რომ პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ პროსტიტუცია ქვეყანაში კრიმინალიზებულია, მისი ლეგალიზების ან დეკრიმინალიზების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მთავრობის მხრიდან ამ საკითხის განსახილველად მზაობაც არ არსებობს.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნათია გვიანიშვილი ფიქრობს, იმის გამო, რომ ყველაფერი, რაც სექსუალობას ეხება ტაბუირებულია, სახელმწიფო ერიდება პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას რაღაც მორალური პრინციპების გამო.

გვიანიშვილის მოსაზრებით, პროსტიტუცია ჩაგვრის ფორმაა, რომელიც იმ პატრიარქალური, კაპიტალისტური სისტემითაა განპირობებული. ეს სისტემა კი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩავარდნილ ქალს, ტრანსგენდერ ქალს და გეი სექსმუშაკს მოხმარების ობიექტად განიხილავს.

“რეალურად, ეს არის ამ ადამიანების, ამ ჩაგრული ჯგუფების ექსპლუატაციის კიდევ ერთი ფორმა. პროცენტული მაჩვენებელი იმ ქალებისა, რომლებმაც სრულიად ნებაყოფლობით, ეკონომიკური და სოციალური წნეხების გარეშე აირჩიეს ეს საქმიანობა, არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმ ქალები რიცხვი, ვინც ამ საქმიანობაში თვითგადარჩენის და საჭიროების, ან ძალადობის შედეგად ჩაება”, – ამბობს გვიანიშვილი და იმ მოდელს გვთავაზობს, რომელიც, მისი აზრით, ქართული რეალობისთვის სასარგებლო იქნება.

“ჩემთვის მისაღებია შვედური მოდელი, სადაც კრიმინალიზებულია არა სექსის გაყიდვა, არამედ მისი ყიდვა. იმ შემთხვევაში, თუ მე ვარ სექსმუშაკი და ჩემი კლიენტი ჩემზე იძალადებს, მაქვს უფლება სამართალდამცავ ორგანოებს მივმართო, ჩემი პასუხისმგებლობა არ დადგება. მოძალადე დაისჯება ძალადობისთვის და ჩემი მომსახურების შეძენისთვის. ქართული რეალობისთვის ეს კარგი გამოსავალია. ქართველი სექსმუშაკები საფრთხის შემთხვევაშიც კი ვერ მიმართავენ პოლიციას, ვინაიდან საქმიანობა კრიმინალიზებულია და პოლიცია ამით ბოროტად სარგებლობს. ის პირველი მოძალადეა”, – ამბობს გვიანიშვილი.

საქართველოში ქალების პროსტიტუცია მეტად ხილვადია, ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცების. ამ ფაქტორს შესაძლოა ის განაპირობებდეს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცის მოთხოვნილებები და მისი დაკმაყოფილება ქალის მოთხოვნილებასთან შედარებით უპირატესად განიხილება. შესაბამისად, კაცების პროსტიტუცია საქმიანობის ელიტური საფეხურია.

ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ სექსსამუშაოს მთავარი დამკვეთი არის კაცი, ვინაიდან ქალის სექსუალობასთან შედარებით, კაცის მოთხოვნილება დაკმაყოფილებული უნდა იყოს.

“მიჩნეულია, რომ ქალს არ აქვს სექსუალური მოთხოვნილება, ან უფრო სუსტი აქვს, თუ აქვს, ვერ დაიკმაყოფილებს და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ კაცის მოთხოვნილებები მხოლოდ ჰეტეროსექსუალური არ არის. შესაბამისად, მის მოთხოვნილებებზე მეტად არის აწყობილი ყველაფერი, ვიდრე ქალის მოთხოვნილებებზე”, – ამბობს გვიანიშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარდა, პროსტიტუციის შესახებ ჩანაწერს სისხლის სამართლის კოდექსშიც ვხვდებით.

სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლში წერია, რომ პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო, იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ასევე, 254-ე მუხლის მიხედვით, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

“იდენტობას” იურისტი, მარი გელაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუციისთვის გამოყოფილია ადგილები, ქუჩაშიც დგანან, პოლიციისთვისაც ცნობილია, სად მდებარეობს ე.წ. ბორდელები და თავადაც სარგებლობენ მათი მომსახურებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები არ მოქმედებს.

“რეალურად, საკანონმდებლო თვალსაზრისით, თითქოს მოწესრიგებული გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ეს ნორმები ხშირ შემთხვევაში მკვდარია იმიტომ, რომ რეალურად კანონით გათვალისწინებული ქმედებები არ ხორციელდება. ადამიანები პროსტიტუციით არიან დაკავებულები, გამოყოფენ სხვები ადგილს და ა.შ. თუმცა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არ არის”, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, არსებობს ორი გამოსავალი: ან რეაგირება უნდა მოხდეს და კანონმდებლობა აღსრულდეს, ან კანონმდებლობა შეიცვალოს და სხვა დამოკიდებულება გამოვლინდეს.

გარდა ამისა, გელაშვილი ამბობს, რომ პროსტიტუციის ლეგალურობა არ ნიშნავს, რომ ეს სფერო აბსოლუტურად დაურეგულირებელი იქნება.

“საკანონმდებლო ჩანაწერი არ იარსებებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქმედება იყოს დასჯადი. ქმედება იქნება დეკრიმინალიზებული, მაგრამ მონიტორინგს სახელმწიფო განახორციელებს. საქართველოში ხილვადია ეს პროცესი, რომელიც ახლა დანაშაულად ითვლება და ძალიან მარტივია იმის შემჩნევა, რომ ეს ქმედებები ჩვენს თვალწინ ხდება. თუ სახელმწიფო ნება იარსებებს, ბევრი ფაქტის გამოძიება ძალიან მარტივი იქნება. იმის ნაცვლად, რომ კანონმდებლობაში რაიმე შეიცვალოს, უფრო ლმობიერი გახდეს ან პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია მოხდეს, სახელმწიფო ამ ფაქტს ეგუება”, – ამბობს მარი გელაშვილი.

იურისტის პოზიციას ამყარებს ის ფაქტი, რომ 2015 წლის შსს-ს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე და 253-ე მუხლით არც ერთი საქმე არ არის აღძრული.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია მოხდება, ამ კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაულის სტატუსი მოიხსნება და პროსტიტუცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება აღარ იქნება.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პროსტიტუციის ლეგალიზება მოხდება, ქმედება კანონიერი გახდება.

“იდენტობას” განათლების ოფიცერი, ლადო ბიწაძე ამბობს, რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზებას ბევრი ბენეფიტი აქვს.

ბიწაძის თქმით, პროსტიტუციის ლეგალიზებით ეს სფერო სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში ექცევა და მარტივად კონტროლირებადი ხდება.

ორგანიზაციის განათლების ოფიცრის თქმით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არსებობს საფრთხე, რომ სექსინდუსტრია არასრულწლოვნებისა და არალეგალი ადამიანების შრომაზე დაფუძნდეს.

“მართალია, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაცია კრიმინალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ბიზნესის ლობირება “ზემოდან” ხდება. მათ შორის ისეთი ბიზნესების, როგორიცაა აზარტული თამაშები. ამიტომ, არ უნდა გამოვრიცხოთ და მოსალოდნელიც უნდა იყოს, რომ მსგავსი არაკანონიერი ბიზნესი იქნება ლობირებული. შესაბამისად, ილუზია იმისა, რომ ეს სფერო გაკონტროლდება და არ მოხდება არასრულწლოვანთა და არალეგალთა ჩართვა, სისულელეა”, – ამბობს ბიწაძე.

განათლების ოფიცრის თქმით, გამოსავალი პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია და ეფექტური ბერკეტის შექმნაა, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს.

ევროპის ქვეყნების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ებრძვის პროსტიტუციას, ნაწილი კი მის ლეგალიზებას ამჯობინებს, რასაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრების მოზიდვით ხსნიან.

ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია – ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია და იტალიაა. ამ ქვეყნებში სექსბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური შენობებია გამოყოფილი, სადაც სექსმუშაკები კლიენტს ფულის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობენ. ამ მხრივ ნიდერლანდები და გერმანია ლიდერობს. შესაბამისად, ეს ქვეყნები საერთაშორისო სექსტურიზმის ამოსავალ წერტილად ითვლებიან.

თანდართული ფოტო არ ასახავს ქართულ რეალობას. ავტორი – ნაზიკ არმენაკიანი.

თამრი სხულუხია

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s