სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები 2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სეკულარიზმის პრინციპთან და “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მიზნებთან.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს.

“მინისტრის განცხადებებით დასტურდება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს უთანხმებს საქართველოს საპატრიარქოს. თუმცა, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო განხილვები აჩვენებს, სასკოლო საგანში “მე და საზოგადოება” საქართველოსა საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური და სოციალურ ჯგუფებსა და სამინისტროს შორის შეუთანხმებლობის საგანი არა მხოლოდ რელიგიასთან დაკავშირებული თემატიკა, არამედ არსებითად პოლიტიკური და სოციალური შინაარსის მქონე კონცეფციები და ტერმინოლოგია გახდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საგნის სტანდარტის შემუშავების პროცესში სამინისტრომ არ უზრუნველყო აღნიშნულ თემაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა და საპატრიარქოს აქტიური ზეწოლის პირობებში დათმო პრინციპულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ღირებულებები. მათი თქმით, სამინისტროს მიერ პროცესის ამ ფორმით ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და “ზოგადი განათლების შესახებ” კანონს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება” წარმოადგენს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუღებელია განათლების მინისტრის მიერ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინის – “მამათმავლები” – გამოყენება.

“საგულისხმოა ისიც, რომ განათლების მინისტრის საუბარში იგრძნობა მისი პიროვნული მხარდაჭერა პეტიციის პათოსის მიმართ, რომელიც “ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვებას” ითხოვს და ასეთებად გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის შემცველი პროგრამა მიაჩნია – “ეს პეტიცია რომ წავიკითხე, შევშფოთდი, როგორც მშობელი, როგორც დედა, და უფრო მეტიც, მზად ვიყავი, მეც მომეწერა ხელი”. მაშინ, როდესაც აღნიშნული თემატიკის სასკოლო პროგრამაში მართებული ფორმით ინტეგრირება ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებული სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, მინისტრის ამგვარი მიდგომა განათლების სისტემის განვითარების ფუნდამენტურად არასწორ ხედვებზე მიუთითებს და მან შესაძლოა არსებითად დააზიანოს თავისუფალი, პლურალური და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა ქართულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკები და მათზე განათლების სამინისტროს არაეფექტური რეაგირება, განათლების მინისტრის ღია ლოიალობა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და მისი იდეოლოგიის მიმართ, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის განათლების სისტემაზე საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების გავლენას.

“თუ ამ დრომდე საჯარო სკოლებზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ლოკალურობით ხასიათდებოდა და სხვადასხვა აგენტების, მათ შორის, მასწავლებლების, სასულიერო პირების იდეოლოგიზირებულ და ინდოქტრინაციულ მუშაობაში ვლინდებოდა, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ განათლების სისტემაზე საპატრიარქოს გავლენა უფრო მეტად ინსტიტუციონალიზებული გახდა და სამინისტროს არ გააჩნია პოლიტიკური ნება და სიმტკიცე, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცის თავისუფლება და უზრუნველყოს სეკულარული, თავისუფალი და თანასწორი გარემო, რომელიც საზოგადოების ემანსიპაციის საფუძველი უნდა გახდეს. საზოგადოებაში მზარდი ქსენოფობიის, ჰომოფობიის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის მიზეზები კი სწორედ განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე უთითებს. მნიშვნელოვანია, სამინისტროს ჰქონდეს მტკიცე პოლიტიკური ნება, დაიცვას საგანმანათლებლო სივრცეები რელიგიური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გავლენებისგან”, – ნათქვამია “არა ფობიას!” პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტის განხილვის პროცესი ღია და ინკლუზიური დისკუსიების გზით უზრუნველყოს და მისი შემუშავების პროცესში იხელმძღვანელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დამკვიდრებული პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით.

ასევე, მოუწოდებს საქართველოს განათლების მინისტრს, როგორც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავი შეიკავოს საჯარო გამოსვლებისას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ტერმინოლოგიის  გამოყენებისაგან.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, LGBT საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, იდენტობა, ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი EMC, კავშირი “საფარი”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s