22 წლის ბიანკა შიგუროვა რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. დაღუპვის მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა დასახელდა. ის მალევე გურიაში, ლანჩხუთში დაკრძალეს, იქ, სადაც ბიანკა დაიბადა და გაიზარდა. დაკრძალვას ბევრი ადამიანი არ დასწრებია, მხოლოდ მეზობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები.

ბექა გაბადაძე

ბიანკა ბექა

ბექა გაბადაძე და ბიანკა საბი ბერიანის ხსოვნის დღეს გამართულ აქციაზე, 10.11.2015

ბიკო ჩემს ცხოვრებაში 2013 წელს გამოჩნდა.  რაღაც დისკუსიაზე თავისი ლამაზი ქუდით შემოვიდა. მოვინუსხე, გასაუბრება ვცადე, ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა და მას შემდეგ ტელეფონზე თუ რეალურ ცხოვრებაში ბევრს ვსაუბრობდით. გასულ წელს საბის მკვლელობის ამბავი მან გამაგებინა. შეშინებული იყო, გავედი, დავაწყნარე. მოგვიანებით მკვლელის ვინაობა გაიგო და სასამართლოში გაბედული ჩვენება მისცა, რომ მკვლელმა მასზე ძალადობაც სცადა.

საოცრად თავდაჯერებული იყო, ალბათ ზუსტად ასე გადარჩა სოციუმში, სადაც მხოლოდ ბებია და და უგებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხარს არავინ უჭერდა, მეტიც, სახელმწიფო მისი გენდერის აღიარებაზეც უარს ამბობდა, მოახერხა და წარმატებული ტრანზიცია შეძლო. შეძლო ხილვადი ყოფილიყო სივრცეში, სადაც ტრანსგენდერთა ხმა არავის ესმის.

მე ხშირად ვბრაზობდი, სხვადასხვა სივრცეში, როცა ზურგს უკან ტრანსფობები ათას საშინელებას ამბობდნენ, ბიკო ჩაიცინებდა და მეტყოდა, ბექა, ზედმეტად ახლოს მიგაქვს გულთან, ჩვენ ლამაზები ვართ, ჩვენი სილამაზის შურთ, ჩვენი ამბოხის ეშინიათ. მე მისი გამბედაობის მშურდა.

თორნიკე დავითულიანი

ბიანკა სტუდია კადრი.jpg

სტუდია კადრის ფოტო

ბიანკა 2 წლის წინ გავიცანი, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს. იმდენად ქალური იყო, ვერც წამოვიდგენდი, რომ ბიოლოგიურად კაცი იყო.

გაცნობიდან მალევე პრობლემები შეექმნა ბინასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩემთან წავიყვანე და 2 კვირა ჩემთან ცხოვრობდა.

სულ მაღლები ეცვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად იყო, აპირებდა თუ არა სახლიდან გასვლას და ამის გამო ვეჩხუბებოდი, თავში მიკაკუნებდა ეს ხმა. ძილს არ მცალიდა. ამის გამო ვჩხუბობდით :).

არ უყვარდა მარტო ძილი ოთახში. მითხრა, ძალიან მეშინიაო, ამიტომ ორი კვირა ერთ ოთახში ვცხოვრობდით.

საბის მკვლელობამდე ხომ ბიანკას დაესხნენ თავს. მაშინ ბიანკა, კიდევ ერთი მეგობარი და მე ერთად ვცხოვრობდით. ის მეგობარი გასული იყო და მე და ბიანკა ვიყავით სახლში. სტუმარს ელოდებოდა. მე მეორე ოთახში გავედი. რამდენიმე წუთში ყვირილი გავიგე, მეძახდა, თოკა, მიშველეო. გამოვედი, ბიანკა იატაკზე იყო დაგდებული და ის ზემოდან აჯდა. მივხვდი, ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, ამიტომ მეზობელს დავუძახე, ის დაგვეხმარა. ელექტროშოკი იყო გამოყენებული მის წინააღმდეგ და ნაკაწრი ჰქონდა ძუძუზე. მკერდი ახალი გაკეთებული ჰქონდა.

ძალიან უხაროდა მკერდის გაკეთება. ოპერაციამდე მეგობრები წაგვიყვანა და გრუზინულად გვაქეიფა. ძალიან ბედნიერი იყო.

ერთხელ გურიიდან მოვდიოდით და მარშრუტკის მძღოლმა ჩაილაპრაკა, ესო კაცი არისო, მაგრამ ნახეთ, რა ‘ვიდზე დგასო’. ეს ძალიან გაუხარდა, კომპლიმენტად მიიღო.

სულ ოცნებობდა სწავლაზე, კოლეჯში უნდოდა სწავლა. მაგრამ მკერდის ფულს აგროვებდა, ცხვირის ფულს აგროვებდა. ოჯახიც მის კისერზე იყო, ამიტომ სწავლის ფული ვერ გადაიხადა. მარტო ბებიამ მიიღო. დედა და მამა მარტო მაშინ ურეკავდნენ, როცა ფული სჭირდებოდათ.

გიორგი უკლება

bianka ბიანკა შიგუროვა

არასდროს გაგწირავდა. თუ დასაცავი იყავი, დაგიცავდა კიდეც და ყველაფერს გააკეთებდა შენთვის. თვითონ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და მეც ძალიან კარგად გამიგო.

როცა სახლში პრობლემები შემექმნა (რეგიონში ვცხოვრობდი), თბილისში ჩამოსვლა თვითონ შემომთავაზა. ჩამოვედი და  თითქმის სამი თვე მასთან ვცხოვრობდი.

მთელი ეს პერიოდი არ ვმუშაობდი, ბიანკას მოჰქონდა ჩემთვის საჭმელი, სიგარეტი, ყავა, ტანსაცმელსაც კი ყიდულობდა ჩემთვის. არაფერი ენანებოდა. უბრალოდ თვითონ ძალიან გულჩათხრობილი იყო.

დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე ერთად ვიყავით კლუბში. მოწყენილი იყო. მითხრა, დედას შევურიგდიო, კიდევ, რაღაც სიზმარი ვნახეო. რა სიზმარი მეთქი, არაფერი, დაიკიდეო, ასე მითხრა.

სოფო ზედელაშვილი

Screen Shot 2016-02-16 at 5.00.08 PM

კადრი გურამ მაცხონაშვილის ფილმიდან

ბიანკა პირველად გუგა მაცხონაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში ვნახე. გადავწყვიტე, მაგარი ფილმია-მეთქი. ბიანკაზეც ასევე ვფიქრობდი, რომ მაგარი გოგოა, – გამბედაობა ხომ უნდა გეყოს, რომ ასეთი გამორჩეული იყო იმ პატარა და აგრესიულ გარემოში, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც ყველა გიცნობს. თუმცა, მაშინ, რეალურად მაინც არ ვიცოდი, რამდენად გამორჩეული იყო სინამდვილეში ბიანკა.

რატომღაც ისე მოხდა, რომ თბილისში ჩამოსულს პირველად სწორედ მე შევხვდი და ოფისამდე მივაცილე. მხოლოდ ვიდეოჩანაწერში მყავდა ნანახი და ცოტა მეშინოდა, რომ ვერ ვიცნობდი პირველი დანახვისას, მაგრამ ასე არ მოხდა. ბიანკა ისეთი მაღალი, ლამაზი, იმდენად გამორჩეული იყო სხვებისგან, რომ შეუძლებელი იყო, ვერ შეგემჩნია. გამაკვირვა იმან, რომ გამვლელების უმეტესობა თვალს აყოლებდა სწორედ მის სილამაზეს, რომ ამ მზერაში არ იყო არავითარი აგრესია. მერე მივხვდი, თანასოფლელებისგან განსხვავებით, მათ არ იცოდნენ, უბრალოდ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ეს ლამაზი გოგო ბავშვობაში ბიჭი იყო.

ამის შემდეგ ბიანკა რამდენჯერმე იყო ჩემი რესპონდენტი და ამ ხნის მანძილზე ცოტათი დავმეგობრდით კიდეც. მოსიყვარულე, გულწრფელი და გამბედავი გოგო იყო, კარგ ცხოვრებას იმსახურებდა და სულ იბრძოდა ამისთვის, იმ აგრესიის მიუხედავად, რასაც აწყდებოდა ხშირად. მეტის გაკეთება შემეძლო მისთვის, ამას ვნანობ, კიდევ ვნანობ, რომ ერთხელაც არ მომიკითხავს ბოლო ერთი წლის მანძილზე. შეიძლება ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი.

ფოტო მთავარზე: გურამ მურადოვი

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s