იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად განხორციელდა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ამ მდგომარეობიდან დახსნაა.
“შედის ცვლილებები იმისათვის, რომ ამ ბავშვებზე გავრცელდეს სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც არსებობს სხვა მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ; რომ მათ შეძლონ დოკუმენტების, პირადობის მოწმობების აღება; რომ ძალადობის შემთხვევაში ისინი გამოცალკევებულ იქნენ მშობლებისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლებისგან ან, უბრალოდ, სხვა გარეშე პირებისგან, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ ამ ბავშვებზე. კანონის მიზანი არის ის, რომ მიუსაფარ ბავშვებზე პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ”, − განაცხადა ბარამიძემ.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. შესაბამისად, არ არიან აღრიცხულნი. იმის გამო, რომ მათ პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები არ აქვთ, ვერ იღებენ ისინი განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში.
საკითხების კანონით მოწესრიგების მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხოლო ცვლილებათა პაკეტი მოწონებულ და დამტკიცებულ იქნა საბჭოს 2015 წელის 23 დეკემბრის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერაა მომზადებული, “მიუსაფარი ბავშვის” ცნება შემოაქვს, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი ბავშვიც დაიცვას. საქართველოს პარლამენტში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა 18 თებერვალს დაიწყო.