აზერბაიჯანის მოქალაქემ ორგანიზაცია “იდენტობას” დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ის “17 მაისთან” ყვება, მას აზერბაიჯანში საცხოვრებელი სახლი არ აქვს, ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო კი ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა.

“ იქ არ მყავდა მეგობრები, არ მქონდა სახლი, სადაც ვიცხოვრებდი, რადგან აზერბაიჯანის SOS ბავშვთა სოფელში გავიზარდე. ეს ყველაფერი ძალიან ძნელი იყო ჩემთვის. აზერბაიჯანში ხალხს გეები არ უყვარს. როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავდიოდი, ყველა მიყურებდა და კითხულობდნენ “ეს გოგოა თუ ბიჭი?”. ყოველ დღე ასე ხდებოდა, რამაც ძალიან დამღალა.

როდესაც 6 წლის ვიყავი დედაჩემს ჩემი მოკვლა უნდოდა. არ ვიცი რატომ. როდესაც 15 წლის ვიყავი, თავის მოკვლა ვცადე. დავლიე წამლები და ვენები გადავიჭერი. შრამები ახლაც მეტყობა. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემს თავს შევპირდი, რომ როდესაც 18 წლის გავხდებოდი, აზერბაიჯანში აღარ დავრჩებოდი. ახლა უკვე 18 წლის ვარ. გარდა ამისა, ბაქოში სხვა პრობლემებიც შემექმნა. რადგან სრულწლოვანი გავხდი, იძულებული ვიყავი, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავსულიყავი. მე კი ჯარში ძალიან არ მინდოდა, რადგან ეს ჩემთვის ორმაგად რთული იქნებოდა. ამიტომ, ავიღე ჩემი ნივთები, დოკუმენტები და საქართველოში ჩამოვედი.

ახლა აქ ვარ, მაგრამ არ ვიცი რა მელის. არსად წასასვლელი არ მაქვს”, – აღნიშნავს იგი. 

22 თებერვალს იდენტობას სოც.მუშაკებს ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისი კომისიის წარმომადგენელი დაიკავშირდა და აცნობა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს მარტყოფის თავშესაფარში გადაიყვანდნენ.

” ჩვენ ვიცოდით, რომ მარტყოფის თავშესაფარში ადგილები არ ჰქონდათ და ყველა გვეუბნებოდა, რომ განიხილებოდა ქირის საკითხი. ლტოლვილთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მარტყოფში განთავსდება ეს ადამიანიო. დღეს გადაიყვანეს მარტყოფის თავშესაფარში და გარდა ამისა, მას დაენიშნება თვეში 80 ლარი სოციალური დახმარება”, – აღნიშნა იდენტობას სოც. მუშაკმა, ქეთი კალანდაძემ. 

როგორც ორგანიზაცია “იდენტობას” უფროსი სოციალური მუშაკი, ქეთი კალანდაძე აღნიშნავს, აღნიშნული შედეგის მისაღებად სოც. მუშაკებს დიდი ძალისხმევა დაასჭირდათ. დახმარებისთვის მათ ჯერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, შემდეგ კი დევნილთა სამინისტროს მიმართეს.

“12 თებერვალს მოვიდა “იდენტობაში” და გავარკვიეთ, რომ ეძებდა თავშესაფარს. გადავრეკეთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, მათ გადაგვამისამართეს ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროში. იქ დავწერეთ განცხადება, რომ ეს ადამიანი არის უსახლკარო, სასწრაფოდ სჭირდება თავშესაფარი და ვითხოვეთ მარტყოფის თავშესაფარში მისი განთავსება”, – ამბობს კალანდაძე.

კალანდაძე სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ პრობლემების დროულად მოგვარებას ხელს კომუნიკაციის არ არსებობა და დიდი ბიუროკრატიული პროცედურები უშლის.

“დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს, 15 თებერვალს შეიკრიბებოდა შესაბამისი კომისია და მიიღებდა გადაწყვეტილებას, უნდა განთავსებულიყო თუ არა ეს ადამიანი მარტყოფის თავშესაფარში. ორშაბათს არ დაგვიკავშირდნენ, ამიტომ მივედით სამინისტროში და გვითხრეს, რომ კომისია ჯერ კიდევ არ იყო შეკრებილი. შემდეგ კვლავ გადაგვამისამართეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, იქნებ მათ დააჩქარონ ეს პროცესიო. ლტოლვილთა კომისარიატში გაირკვა, რომ ამ ადამიანს მარტყოფის თავშესაფარში ვერ განათავსებდნენ, რადგან იქ ადგილები არ არის. სამინისტროში საბოლოოდ გვითხრეს, რომ ამ ადამიანს ბინის ქირას დაუფინანსებდნენ და გვითხრეს, რომ საჭირო საბუთები მეორე დღესვე მიგვეტანა. მეორე დღეს სამინისტროში რომ მივედით, გვითხრეს, რომ ეს საბუთები საკმარისი არ იყო და რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამის შემდეგ ამ ადამიანს პირველადი ანკეტირება 21 თებერვალს ჰქონდა ჩანიშნული. გვითხრეს, რომ ანკეტირებისა და კომისიის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ”.

როგორც სოც. მუშაკი აღნიშნავს, ეს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული, რაც დამატებით პრობლემას ქმნიდა, რადგან ამ ადამიანს არც ფინანსები ჰქონდა და არც საცხოვრებელი ადგილი და მისი ქუჩაში დარჩენის საშიშროება რეალურად არსებობდა.

“ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცესი მაქსიმუმ 6 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროს წესით აქვს ადამიანის ბინით უზრუნველყოფის კომპონენტი. თუმცა, ზოგადად, სამინისტროსთან კომუნიკაცია ძალიან რთული და არეულია. რეალურად, შეცდომაში შეყავხარ და არ გაძლევს სწორ მიმართულებას, როგორ უნდა აწარმოო შემთხვევა. მეორე, არის ძალიან ბევრი პროცედურა, რომელიც დროში იწელება. მაგალითად, ადამიანმა იუსტიციის სახლში უნდა აიღოს დოკუმენტი, რომ არის თავშესაფრის მაძიებელი. ამ ყველაფერს 10 სამუშაო დღე სჭირდება. მხოლოდ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ ეს ადამიანი შეძლებს საქართველოს ბანკში ანგარიშის გახსნას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სამინისტრო, რომ თანხა გადმორიცხოს. ანუ, 17 დღე მხოლოდ ამ პროცედურებისთვის არის საჭირო. ეს არის ძალიან ბიუროკრატიული პროცესი. სამინისტროში გიყურებენ, როგორც მორიგ თავსატეხს და სათანადოდ არ იწუხებენ თავს, რომ დაგეხმარონ”, – აღნიშნავს ქეთი კალანდაძე.

ამ შემთხვევის შესახებ “იდენტობას” სოც. მუშაკებმა დასახმარებლად გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსაც მიმართეს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილებების გარეშე, აღნიშნულ შემთხვევაში ვერ ჩაერეოდნენ.

ორგანიზაცია “იდენტობა” აზერბაიჯანის მოქალაქესთან მუშაობას აგრძელებს და თავშესაფრის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, მის დასაქამებასა და ენობრივი ბარიერის მოხსნაზე იწყებს ზრუნვას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s