ფემინისტური ფილმების ფესტივალი – “როზადან სიმონამდე“, რომელიც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით რეალობას ასახავს, 7-11 მარტს, 19:00 საათზე კინოთეატრში “ამირანი” გაიმართება.

ფესტივალი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა” და “სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე” ორგანიზებით ჩატარდება, რომლის მხარდამჭერი ფონდი “კვინა ტილ კვინაა“.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ლია ჯაყელის დოკუმენტური ფილმები იმ რეალობისთვის თვალის გასწორებაა, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფის ქალები: ლესბოსელები, ტრანსგენდერები, ეთნიკური უმცირესობები, სოფლად მცხოვრები და სხვა ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

“ამ ფილმებში უხილავობა, ნაადრევი ქორწინება, დაუსრულებელი ფემიციდი და ქალების თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჰომოფობია და ტრანსფობია, საჯარო სივრციდან გარიყვა, ქალის შემოქმედების უარყოფა და ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებაა ასახული”, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის განრიგი ასეთია: 7 მარტი – “ვაჩნაძის ქუჩა” (40 წთ. 2013); 8 მარტი – “2014” (37 წთ. 2015); 9 მარტი – “უჩინარნი” (26 წთ. 2002); 10 მარტი – “სადა ხარ, ჩემო სულიკო” (28 წთ. 2006); 11 მარტი – “კოდექსები და ლექსები” (26 წთ. 2006). 

სეანსების დასრულების შემდეგ თითოეული თემის გარშემო დისკუსია გაიმართება კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის, ფესტივალის სტუმრების, ფემინისტური მოძრაობის წევრებისა და მაყურებლის მონაწილეობით.

“2014” (37 წთ. 2015) – ფილმი საქართველოში 2014 წელს ქალების მკვლელობებს ეხება. ამ ქალების ტრაგედიების დოკუმენტური აღწერისას ნათელი ხდება, რომ მკვლელობის თუ თვითმკვლელობის თითოეულ ფაქტს წინ გენდერული ნიშნით ძალადობის სხვადასხვა ფორმების ციკლი უძღოდა. ამ დანაშაულებს კი ხარვეზები კანონმდებლობაში, სამართალდამცავთა არაკომპეტენტურობა და საზოგადოების გულგრილობა კვებავს. ფილმი გადაღებულია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” თანამშრომლობით.

“ვაჩნაძის ქუჩა” (40 წთ. 2015) – 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ასახავს და თანამედროვე ქართულ კონტექსტში შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობას ეხება; ეხება ლგბტ ადამიანების საჯარო სივრცეში არსებობის მნიშვნელობასა და განიხილავს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენას ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების ცხოვრებაზე.

“სადა ხარ, ჩემო სულიკო” (28 წთ. 2006) – სიმღერა “სულიკოს” აღმავალი პოპულარობისა და მისი ავტორის მეთოდური იგნორირების დოკუმენტური ისტორიაა. ეს ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იწყება და ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ვინ შექმნა “სულიკოს” მელოდია და იყო თუ არა იგი მხოლოდ კომპოზიტორი, ფილმი ამ კითხვებს პასუხობს და ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც შეჰქონდა და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

“კოდექსები და ლექსები” (26 წთ. 2006) – ფილმის გმირი ახალგაზრდა, შეუპოვარი ქალია, რომელიც როგორც ჟურნალისტი იბრძოდა თავისუფალი სიტყვისა და გაპარტახებული თეატრის გადასარჩენად, შემდეგ კი ამ თეატრის პირველი ქალი დირექტორი გახდა. მან შემოიკრიბა თანამოაზრეები და შეუდგა თეატრის პრობლემების მოგვარებას და გაცოცხლებას. ფილმი ერთი დაწესებულების მაგალითზე გვაჩვენებს აქტიური ქალის შესაძლებლობებს და მართვის უნარებს. ესაა ქალი, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე ერთად უწყვია კოდექსები და ლექსები.

“უჩინარნი” (26 წთ. 2002) – საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყოფას ასახავს და ამ ყოფის გენდერულ ასპექტებს წარმოაჩენს. გოგონების ადრეული ქორწინება, განათლებისა და კომუნიკაციის პრობლემები; ქალებისა და გოგონების იზოლირება დანარჩენი საზოგადოებისგან უჩინრად ტოვებს მათაც და მათ შრომასაც, რითაც წვლილი შეაქვთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის ბიუჯეტში.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s