ბოლო წლებში ლგბტ უფლებებით მანიპულაცია კრემლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა.  აღმოსავლეთ ევროპაში NATO-სა და ევროკავშირის გავლენის საპირწონედ პუტინმა იდეოლოგიური იარაღი – ჰომოფობია განალაგა. კრემლი ახალი თაობის ომის მთავარ ფრონტად ადამიანების გონებას მოიაზრებს, სწორედ ამიტომ კულტურასა და იდეოლოგიას რუსულ რბილ ძალაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ამ იდეოლოგიური ბრძოლის მიზანია რუსეთი მორალურობისა და სიწმინდის ეტალონად წარმოჩნდეს, რომელიც “გარყვნილ” და “ამორალურ” დასავლეთს დაუპირისპირდება.

კრემლის გაგებით, “ტრადიციულობა” ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ნიშნავს. პუტინი თავის საჯარო გამოსვლებში აცხადებს, რომ ცხოვრების საზრისი თურმე ჰეტეროსექსუალურ ოჯახში ბავშვის გაჩენაა. რუსეთის ტრადიციულობის საპირწონედ კი თურმე დასავლეთი აკანონებს ინცესტს, პედოფილიას და თავს გვახვევს გარყვნილებას. ამ მითის მიხედვით, რადგანაც დასავლეთმა მორალური ღირებულებები უარყო, რუსეთის ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ ლეგიტიმური ხდება.

2015 წელს, ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინი ამტკიცებდა, რომ დასავლური ქვეყნების მიერ ქრისტიანული ღირებულებების გათელვა დეგრადაციასა და მიგვიყვანდა, რაც თავისთავად დემოგრაფიულ და მორალურ კრიზისს გამოიწვევდა.

“ამ ქვეყნებში, ნებისმიერი ტრადიციული იდენტობის მორალური ბაზისი მოშლილია – ეროვნული, რელიგიური, კულტურული და გენდერული იდენტობებიც კი უარყოფილი ან რელატივიზებულია. მრავალშვილიან ოჯახებს ზუსტად ისევე ეპყრობიან, როგორც ჰომოსექსუალურ პარტნიორობას. ღმერთის რწმენა კი სატანის რწმენასთან არის გაიგივებული,” – ამბობდა პუტინი.

ამ რიტორიკაში პუტინს მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც სახელი ქსენოფობიური და იმპერიალისტური ქადაგებებით გაითქვა. 2015 წლის ოქტომბერში, ულტრაკონსერვატორ ამერიკელ მისიონერთან, ფრანკლინ გრაჰამთან შეხვედრაზე კირილმა განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაშვებით დასავლეთმა ქრისტიანული ღირებულებები უარყო, ხოლო ისინი, ვინც თანასწორ ქორწინებას აპროტესტებენ, “ზეწოლის ქვეშ არიან” და მათ “სიკვდილით სჯიან”. ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ყველა სახის კომუნიკაცია გაწყვიტა იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას უჭერენ მხარს და საკუთარ ეკლესიებში ლგბტ წყვილებს აქორწინებენ.

ლგბტ უფლებების საერთაშორისო დონეზე ინსტიტუციონალიზაციის საპასუხოდ პუტინმა პარალელური იდეოლოგია შექმნა, რომელიც პოპულისტური სენტიმენტებით არის გაჯერებული. როდესაც 2014 წელს მეიდანზე გამოსული უკრაინელი ხალხი რუსული გავლენისგან თავის დაღწევისთვის იბრძოდა, პუტინი მათ “გეი ნაცისტებად” მოიხსენიებდა. რუსულ მედიაში კი საპროტესტო გამოსვლების ადგილს “გეიევრომაიდანს” უწოდებდნენ. ამით პუტინმა ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა სახელმწიფოების სუვერენულობის პრინციპამდე დაიყვანა – დასავლეთი ლგბტ უფლებების საერთაშორისო დონეზე წახალისებით იჭრება თითოეული ქვეყნის პოლიტიკაში და ამით საფრთხეს უქმნის მათ ნაციონალურ იდენტობას და სახელმწიფოებრიობას.

მსგავსი პოპულისტური საკითხების დღის წესრიგში დაყენება, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პუტინს საკუთარი რეიტინგისა და ძალაუფლების განმტკიცებისთვის დასჭირდა.

თანამდებობის დაკავების შემდეგ პუტინმა “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონი მიიღო, რომლის მიზანიც ბავშვების “ტრადიციული ოჯახური ღირებულებების” დამაკნინებელი ინფორმაციისგან დაცვაა. კანონმდებლობასთან ერთად რუსეთში მცხოვრებ ლგბტ ადამიანებს ჰომოფობიურ საზოგადოებასთან გამკლავება უწევს. 2013 წელს ვოლგოგრადში 23 წლის მამაკაცმა მეგობრებს უთხრა, რომ გეი იყო, რის გამოც ის ლუდის ბოთლით გააუპატიურეს და ცემით მოკლეს. 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ჰომოსექსუალების “ლიკვიდაციას” ან “იზოლაციას” უჭერდა მხარს. უცხოელ გეი-წყვილებს რუსი ბავშვების შვილად აყვანის უფლება არ აქვთ.

საერთაშორისო დონეზე მორალურობის დამყარების პუტინისეული დღის წესრიგი ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებით წარმატებულია. კრემლის პროპაგანდაც იმ რეგიონებში გაძლიერებულად მუშაობს, რომლებსაც რუსეთი კვლავ თავისი გავლენის სფეროდ აღიქვამს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიას.

კრემლის ანტიდასავლურ ნარატივში ქრისტიანულ ღირებულებებზე აპელირებას ლოგიკური ახსნა აქვს.  მაგალითად, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის ნდობის მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულს აღწევს. შესაბამისად, საპატრიარქოსა და ქვეყანაში მოქმედი სხვა პრო-რუსული ორგანიზაციების განცხადებების შედეგად საზოგადოების დიდ ნაწილში საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაკარგვად აღიქმება. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და მისი გავლენის სფეროში დაბრუნების მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სწორედ საქართველოსა და რუსეთის “ერთმორწმუნეობაა”.

ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, როდესაც 50-მდე ლგბტ აქტივისტის წინააღმდეგ საპატრიარქომ ათასობით ადამიანი შეკრიბა და მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი გზით დაარბია. მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვასაც. ცალკეული პოლიტიკოსები და განსაკუთრებით კი სასულიერო პირები ითხოვდნენ, რომ კანონში დისკრიმინაციის ფორმები დაკონკრეტებული არ ყოფილიყო. რამდენიმე მოქმედმა დეპუტატმა საჯაროდ განაცხადა, რომ სინოდის მხარდაჭერის გარეშე კანონპროექტს ხმას არ მისცემდა. ადამიანის უფლებათა აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დეპუტატების ბრძოლის შედეგად კანონი მაინც მიიღეს, სადაც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებლად არის ცნობილი. ეს აკრძალვა ქართულ კანონმდებლობაში მანამდეც იყო. კანონს სიახლე არ შემოუტანია, მაგრამ მტრულად გაწყობილ ძალებს, ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად საბაბი სჭირდებოდათ და გამოიყენეს.

ამდენად, “ლგბტ მსოფლიო ომში” პუტინის მესიანიზმი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კულტურული დიპლომატიის ინსტრუმენტად იქცა. ეს იდეოლოგია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ადამიანის ღირსებას და უფლებებს უთხრის ძირს და დემოკრატიული განვითარების შეფერხებით, ასეთ ქვეყნებს, ჩამორჩენილი რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს.

ავტორი: სოფო გელავა
ფოტო: AFP PHOTO/ GERARD JULIEN

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s