“მართალია, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა, მაგრამ შემცირების მასშტაბები არადამაკმაყოფილებელია საერთო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით და კვლავ საგანგაშოდ მაღალია” – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.

ომბუდსმენის თქმით, მხოლოდ 2015 წელს 0-5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.

“ბავშვთა სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლადშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12-ს. ასევე მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36″, – განაცხადა ნანუაშვილმა. 

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს სამედიცინო სერვისების გაუმართაობა, ნეონატოლოგების სიმცირე, ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა. მათ შორის სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია, მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე და ა.შ.

“განსაკუთრებით მწვავედ ჩანს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარვეზები, უხარისხო და დაგვიანებული მომსახურება. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების გამოსავლენად 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობა 1.4-ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ალბათობას და თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალშობილების გარდაცვალების ალბათობა, რომელთა წონა 1,500 გრამი ან მასზე ნაკლებია 1.9-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერამდე პერიოდში და 1,5-ჯერ უფრო მაღალია სამშობიაროდან გაწერის შემდგომ პერიოდში”, – ამბობს ნანუაშვილი.

საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვილ ბავშვთა სიცოცხლის დაცვისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის აღსრულების სიტემის მაღალი პროფესიული სტანდარტით ფუნქციონირება და ამ სისტემაში მომუშავე პირების სათანადო კვალიფიკაცია.

23 თებერვალს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას მოითხოვა შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით; ხელი შეეწყოს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაწესებულებები აღიჭურვოს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით, დაემატოს სპეციალური ვერტმფრენი, ძნელად მისასვლელი და მაღალმთიანი რაიონების მომსახურებისთვის; დაინერგოს ერთიანი რეგულაცია კერძო სამედიცინო ტრანსპორტისა და საჯარო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით; ამაღლდეს პერსონალის კვალიფიკაცია და დაინერგოს უწყვეტი განათლების სისტემა; ხელი შეეწყოს ორსულთა პატრონაჟის სისტემის დანერგვასა და საყოველთაო განხორციელებას; გაიზარდოს ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჩვილთა ჯანმრთელობის უფლების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შესახებ; დაინერგოს ერთიანი ელექტრონული ბაზა პაციენტის სამედიცინო ისტორიის დამუშავებისა და შენახვის მიზნით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC) რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია დღენაკლული ბავშვების დაბადების მაღალი მაჩვენებლით და მოუწოდებს საქართველოს, გამოყოს მეტი რესურსი ბავშვთა მუცლად ყოფნის პერიოდისა და დღენაკლული ბავშვების დაბადების პრობლემის მოსაგვარებლად.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s