არასამთავრობო ორგანიზაციები: იდენტობა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ლგბტ საქართველო და თემიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის, რამაზ საყვარელიძის მიერ ბისექსუალობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სიძულვილის ენად აფასებენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო, ბისექსუალობა ამ სიაში არასოდეს განიხილებოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ზემოხსენებულ კლასიფიკატორს (ICD) აღიარებენ და იყენებენ მათ შორის ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტები.

“ზემოხსენებული ცვლილება კლასიფიკატორში შევიდა მრავალწლიანი კვლევის და იმ მეცნიერული დასკვნების საფუძველზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ არცერთი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ავადმყოფობას და შესაბამისად, არ საჭიროებს მკურნალობას. ფსიქოლოგიური დახმარება ლესბოსელ, ბისექსუალ, გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს არა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო, არამედ ჰომოფობიური/ტრანსფობიური გარემოდან მიღებულ სტრესთან გასამკლავებლად შეიძლება დასჭირდეთ”.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ სამწუხაროა, როცა განათლების მინისტრის მრჩეველი ბოროტად იყენებს საკუთარ ავტორიტეტს, ხელმძღვანელობს მცდარი და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ინფორმაციით და ავრცელებს მას.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საშიშია ქვეყანაში, სადაც გენდერისა და სექსუალობის თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არ მოიპოვება არც განათლების სისტემაში და არც მედიაში.

“ნიშანდობლივია, რომ რამაზ საყვარელიძე, სხვა საჯარო პირების მსგავსად იყენებს ჰომოფობიურ (ამ შემთხვევაში, ბიფობიურ) განწყობებს ანტიდასავლური დამოკიდებულებების გასაძლიერებლად საზოგადოებაში”.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ტერმინი “სიძულვილის ენა” გულისხმობს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აღვივებს, აქეზებს ან ასაბუთებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან სიძულვილის სხვა ფორმებს, რომლებიც ეფუძნება შეუწყნარებლობას მათ შორის: შეუწყნარებლობას, რომელიც გამოხატულია აგრესიული ნაციონალიზმით და ეთნოცენტრიზმით, უმცირესობების, მიგრანტებისა და ემიგრანტების მიმართ დისკრიმინაციული და მტრული დამოკიდებულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სიძულვილის ენა” არის “გამოხატვის ყველა ფორმა, რომელიც ავრცელებს, აღვივებს, წაახალისებს ან ასაბუთებს არატოლერანტულობაზე დაფუძნებულ სიძულვილს” (Gunduz v. Turkey).

“ცალსახად უნდა ითქვას, რომ მინისტრის მრჩევლის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება საზოგადოებაში აღვივებს მიუღებლობასა და სიძულვილს ლგბტ ადამიანებისადმი. ამასთან, მის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან და სახელმწიფოს ევროპულ არჩევანთან. ნაცვლად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობდეს საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ტოლერანიტობისა და პლურალიზმის საკითხებზე, უწყების წარმომადგენლის ამგვარი განცხადებები ქმნის საშიშ პრეცედენტებს”.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანერგოს პასუხისმგებლობის ქმედითი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საჯარო მოხელეთა მიერ სიძულვილის ენის გამოყენება; ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, რათა მათმა ქმედებებმა არ დაამკვიდრონ მიუღებლობა და სიძულვილი ლგბტ პირთა მიმართ.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, რამაზ საყვარელიძემ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესავლის სტანდარტის განხილვისას განაცხადა: “რაც შეეხება დაკვეთას, მე შემიძლია გაცილებით მეტი არგუმენტი მოგაწოდოთ, რატომ არის მიუღებელი ბისექსუალიზმის თემის ასე წამოწევა საზოგადოებაში, არა მარტო ბავშვებში, ზოგადად. იმიტომ რომ ეს ფსიქოგენური ანომალიაცაა რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამის გარშემო, უფრო მეტი შანსია, რომ ვუბიძგოთ ამ ანომალიისკენ ახალგაზრდობას”.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s