სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვან გამოწვევა ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და უზრუნველყოფაა.

“მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის თემასაც შეეხო და აღნიშნავს, რომ საჯარო სფეროში არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია კვოტირების სისტემის შემოღება.

“საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ თავად ქალებს არ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არგუმენტი მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება ეჩვენოს დამაჯერებლად, რომელსაც არ უნახავს ქალები საქართველოში – უფლებადამცველი, ლიდერი, სოფლად მცხოვრები, აქტიური ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან თავიანთი თემის ყოფას. ჩვენ გვჭირდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები”, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი. 

ომბუდსმენი მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქალების ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებში მათ არსებობას, შესაბამისად, მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გენდერული თანასწორობის თემასა და ქალთა გაძლიერების საკითხს.

“ჯერ კიდევ 1917 წელს, კატო მიქელაძე წერდა: „ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო“. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!“. ვიზიარებ კატო მიქელაძის სიტყვებს და მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, „ხალხოსნური“ მმართველობის მისაღწევად”.

სახალხო დამცველი მოუწოდებს არა მხოლოდ თვითმმართველ ორგანოებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფო ორგანოებს, რომ ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერებას, მათი უფლებების დაცვას, საჯარო სფეროში მათ ჩართულობასა და შრომითი უფლებების უზრუნველყოფას.

 (C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s