ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 80 დეპუტატის ხელმოწერით ჩაბარდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორად უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად “რესპუბლიკელების” ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გამიჯვნისა, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სავარაუდოდ, 14 მარტის სხდომაზე წარედგინება.