“სექსი დანაშაული არ არის”, “სექსით პოლიტიკა არ კეთდება”, “გაეთრიე ჩემი საძინებლიდან”, “პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია” – ამ და სხვა პლაკატებით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება გააპროტესტეს.

“ქალთა მოძრაობის” განცხადებით, ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელება ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟის მცდელობასთან.

IMG_6777

მარია დარჩიევი

აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

“იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორის, მარია დარჩიევის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი  კადრების გავრცელება სამარცხვინო ფაქტია.

“თავისთავად, არ შეიძლებოდა ამ ვიდეოს გადაღება და გავრცელება. პროკურატურამ ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიოს, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება კანონით ისჯება. დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ამ ეტაპზე გამოძიება უკვე დაწყებულია და იმედია, მოხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული რეაგირება”, – აცხადებს დარჩიევი.

IMG_6807

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, სასწრაფოდ დადგეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სუს-ის.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განმარტა, რომ ამ კადრებს გავრცელება ქალი პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობაა.

“ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს კადრები გავრცელებული, როდესაც არ უნდა იყოს გავრცელებული მნიშვნელობა არ აქვს. წამებს ვითვლით იქამდე, სანამ სამართალდამცავები გახსნიან ამ საქმეს. თუ ისინი ვერ გახსნიან საქმეს, მათ უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დატოვონ ხელისუფლება”, – განაცხადა აბაშიძემ.

IMG_6812

საიას ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კადრების გავრცელება პირდაპირი დარტყმაა სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე, კანონის უზენაესობაზე და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საჭიროა ჩატარდეს უსწრაფესი გამოძიება და გამოვლენილ იქნეს ყველა პირი, ვინც მონაწილეობს ამ საშინელ დანაშაულში.

“ამ კონდიციამდე მივედით სწორედ იმიტომ, რომ ყველა განცხადება, რომელიც აქამდე იყო გაკეთებული საჯარო პირების მიერ, რომ მათ ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, იყო იგნორირებული და არაადეკვატური განცხადებები კეთდებოდა, რომ ასეთ რამეს ხელისუფლება არ დაუშვებდა, რომ ეს წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ მოხდებოდა, როგორ შეიძლება ვინმეს ეშინოდეს იუსტიციის მინისტრის – ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ დღეს და ასე შემდეგ. ყველა წინა ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ გამოიწვია დღევანდელი მოქმედება და ყველა საჯარო პირის მიმართ, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ეს არის გაფრთხილება და გზავნილი. საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ სახელმწიფო, ეს დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სისტემური დანაშაული, რომელიც ამ ხელისუფლებამ დატოვა პასუხგაუცემელი, არის ძალიან დიდწილად პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

157-ე მუხლის მეორე ნაწილი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ვახო კვარაცხელია

IMG_6816

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s