ქართული ოცნების წევრი, ანი მიროტაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი შეცვლის აუცილებლობა დადგა, რადგან ევროპის ქვეყნებში ლგბტ ქორწინებას აკანონებენ ან ამის შესახებ აქტიურად მსჯელობენ.

“ეს საქართველოს რეალობაში ისეთი აქტუალური არ არის, როგორიც სხვა ქვეყნებში, მაგრამ იმის ალბათობა, რომ შეიძლება აქტუალური გახდეს, რა თქმა უნდა, არის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სხვა ტრადიციების ქვეყანა ვართ, ყველა ევროპული ღირებულება და დაფუძნებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ ღირებულებებზე”, – თქვა მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის თქმით, მას არ სურს, ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების თემა გახდეს. მიროტაძე ამბობს, რომ ეს თემა წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილი არ არის და რომ “არსებობს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ერთსქესიანთა ქორწინებას”.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ცოტა ხნის წინ ყოფილმა პრემიერმა დაიწყო საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ჩვენი კანონმდებლობა იცნობს მეუღლეების ცნებას და მეუღლეების კავშირის ცნებას, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში და იცით რატომაც გაჩნდა ამის აუცილებლობა. ასევე ვიცით, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც უკავშირდება ერთსქესიანთა ქორწინებას.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის, რადგან ამის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, რადგან საზოგადოებაში ეს თემა არის მაღალი ინტერესის მქონე თემა, საკონსტიტუციო ჩანაწერი უფრო გაამყარებს ამ პოზიციას, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა, მე მივესალმები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არავის უფლებების შელახვას ამ ქვეყანაში”. 

ანი მიროტაძე ამბობს, რომ ლგბტ ქორწინება საქართველოში ისეთივე აქტუალური თემაა, როგორიც არის დასაქმება და სხვა სოციალური თემები.

“ვგულისხმობ იმას, რომ რამდენიმე ქვეყანაში ეს დაკანონდა, რამდენიმე ქვეყანაში მსჯელობა მიმდინარეობს, რამდენიმე ქვეყანაში რეფერენდუმისთვის ემზადებიან. ეს არის თემა, რომელიც ბევრს აწუხებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თემა არის ძალიან აქტუალური. საქართველოში ამ თემამ შეიძინა ძალიან მაღალი ინტერესი და თუ გახვალთ გარეთ, რამდენიმე თემაზე რომ საუბრობენ ადამიანები, დასაქმება, სხვა სოციალური თემები, ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ ეს ერთსქესიანთა ქორწინება.

მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმე უნდა დაიჩაგროს ამ ქვეყანაში, ვინმეს უფლებები უნდა შეილახოს, მაგრამ თუ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა, მის კონსტიტუციაში უფრო გამყარებული იყოს ოჯახის და ქორწინების ცნება, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ”.

შეგახსენებთ, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 80 დეპუტატის ხელმოწერით ჩაბარდა.

ცვლილების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

მიროტაძის თქმით, 114 ხმა ადვილი მოსაპოვებელი არ იქნება.

“114 ხმა ადვილი მოსაპოვებელი არ არის, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ თემას უკავშირდება, ყველა პუნქტი მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება წინ წამოწეული, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ლოგიკურად მივალთ გადაწყვეტილებამდე საზოგადოებასთან ერთად. ყველა დეპუტატი აიღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხარდაჭერის შემთხვევაშიც და წინააღმდეგობის შემთხვევაშიც”. 

შენიშვნა: “ერთსქესიანთა ქორწინება”, როგორც თანასწორი ქორწინების უფლების აღმნიშვნელი ტერმინი არ არის სწორი, ვინაიდან ერთსქესიანი ქორწინება თავის თავში გულისხმობს როგორც ჰეტეროსექსუალ, ასევე ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინებას, რამდენადაც, ადამიანებს ერთი სქესი გააჩნიათ (ინტერსექსი ადამიანების გარდა). ამ ტერმინის ნაცვლად, თანასწორი ქორწინების უფლების აღსანიშნავად, გამოიყენება ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, ან ლგბტ ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ “17”-ის ჟურნალისტმა ზაქარია ქუცნაშვილს ტერმინი ერთსქესიანთა ქორწინება განუმარტა, მან მაინც ერთსქესიანთა ქორწინება გამოიყენა, როგორც თანასწორი ქორწინების აღმნიშვნელი.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივთანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კი განმარტებულია, რომ “ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შეუძლიათ და ლგბტ წყვილების ქორწინება საქართველოში დაკანონებული არ არის.

ლგბტ ქორწინების დაშვებას ამ ეტაპზე არც ქართული გეი თემი ითხოვს, რადგან საქართველო მაღალი ჰომოფობიური განწყობების მქონე ქვეყანაა.

თუმცა, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მაინც გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება მან 2014 წლის მარტში გაკეთა.

მას შემდეგ ეს თემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. ბოლოს საკითხი აქტუალური რამდენიმე კვირის წინ იყო, როდესაც მოძრაობა “ეროვნულებმა” კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ცვლილებების შეტანა მოითხოვეს და შესაბამისი ცვლილების პარლამენტში პროცედურის დასაწყებად დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებაც სცადეს, თუმცა საჭირო 76 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს.

10 მარტს ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს 80 დეპუტატის ხელმოწერით ჩაბარდა.

უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტს ბიუროს 14 მარტის სხდომაზე წარედგინება.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s