“ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების გამოქვეყნების ფაქტები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, რომლის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ხელისუფლების მოვალეობაა” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს.

“იდენტობა”, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI და LGBT საქართველო აცხადებენ, რომ კადრების გავრცელებისა და მუქარის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა 10 მარტს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებას შეეხებოდა: “ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა ქმედებებზე, მაგრამ თუ ამ ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ თქვენთან და პრესაში, რომ ალბათ, არ იქნებიან კმაყოფილები ისინი”.

არასამთავრობოები გავრცელებულ განცხადებაში ამბობენ, რომ უკანასკნელ პერიოდში არაერთმა საჯარო და საზოგადოებისათვის ცნობილმა პირმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით მათი დაშანტაჟება ხდებოდა.

“აღნიშნულზე 2013 წელს საუბრობდა მოსამართლის თანაშემწე, 2015 წელს – მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. საგულისხმოა ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება და ა.შ.

არცერთ მსგავს ფაქტზე სამართლადამცავ ორგანოებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ. ამგვარად, შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო შემდგომ მხოლოდ ერთწლიანი პირობითი სასჯელით შემოიფარგლა. ხვედელიძეს პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც კი მისცა. ხვედელიძის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ეს ნაბიჯი “პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია. აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას 2015 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდის და თბილისის ცენტრებში გამართული წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებას, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და რომელიც, საბოლოო ჯამში, ასევე მიზანმიმართული იყო ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების სიმრავლე და მათზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, ხელს უწყობს და ახალისებს ასეთ შემთხვევებს. საბოლოოდ, ასეთი მდგომარეობა საზოგადოებაში აჩენს დაუცველობის განცდას და მას ნდობას უკარგავს სახელმწიფო ორგანოების მიმართ.

ორგანიზაციები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აღნიშნულ კონტექსტში დღეს მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ეჭვს, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია ოპოზიციისა წარმომადგენლების და ცალკეული პირების ამგვარი მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკური დისკრედიტაციისაკენ.

“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ფარული კადრებით ჟურნალისტების დაშანტაჟების მცდელობა, რასაც შესაძლოა, გამყინავი ეფექტი ჰქონდეს ცალკეული ჟურნალისტების მიერ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე.

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები – პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და მათზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს. ასევე, გატარდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მსგავსი სამართალდარღვევების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით. ხოლო, მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, არ დაუშვან კადრების გასაჯაროება და არ დაასახელონ კადრებში სავარაუდოდ ასახული პირების ვინაობა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s