“თითქოს თავისუფალი სამყარო და დასავლეთი გვიტევს, ოჯახს და ტრადიციულ ღირებულებებს ებრძვის და გვთხოვს ქორწინების რეგულაციების შეცვლას და ამიტომ უნდა დავიცვათ თავი. ეს არის, პირველ რიგში, სრული სიცრუე”, – ასე ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია პარლამენტში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივას გამოეხმაურა.

ბოკერიამ აღნიშნულის შესახებ განცხადება “ტაბულას” გადაცემა “თეორემაში” გააკეთა.

გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ ოჯახის კონსერვატიული ტრადიციები სწორედ თავისუფალ სამყაროშია დაცული და ამ თვალსაზრისით რუსეთი უმძიმესი მდგომარეობის მაგალითია.

“ვგულისხმობ უმძიმეს მდგომარეობას დანაშაულის თვალსაზრისით. მაგალითად, საბავშვო პორნოგრაფიას. რუსეთში ამ თვალსაზრისით მართლაც ჯოჯოხეთია. თავისუფალი სამყაროში ბევრად უფრო დაცულია ადამიანის ღირსება და თუნდაც ტრადიციული ღირებულებები მათთვის, ვინც ამ ღირებულებების ერთგულია. პარადოქსულია, მაგრამ რუსეთი სწორედ ამით ცდილობს დასავლეთის დემონიზებას“, – ამბობს ბოკერია.

ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანაში ეს საკითხი ისევეა რეგულირებული, როგორც საქართველოში და მისი ცვლილების საკითხი საერთოდ არ დგას.

ბოკერიას განმარტებით, ამ ინიციატივით ხელისუფლებას სურს გადაფაროს ქვეყანაში ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს.

“შევიდნენ ნარატივში, რომელიც რუსეთს აწყობს. სურთ, მოგონილი პრობლემით პატრიოტიზმი დაუმტკიცონ ქვეყანას. ეს არის სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიბინძურე, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია. ახალმა პრემიერ-მინისტრმაც გადაიბარა ეს კელაპტარი, წინა პრემიერისგან, რომელიც ამაზე საუბრობდა და ახლა ამ ინიციატივით შემოვიდა”, – განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, გიგა ბოკერიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხზე პარტიაში აბსოლუტური კონსენსუსია, რომ ეს არის რუსული თამაში, მოგონილი საკითხი, იმიტომ, რომ ქორწინების საკითხი გარკვეულია კანონმდებლობაში და ამ საკითხის შეცვლა დღის წესრიგში არ დგას.

“არის აზრთა სხვადასხვაობა შემდეგ საკითხზე: რა უფრო წაადგება მთავრობისა და პრორუსული ძალების ამ მცდელობის განეიტრალებას. ეს საკითხი რომ დადგება, მისცენ ხმა თუ არა. ჩემი პირადი პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ ამ თამაშში საერთოდ არ ღირს შესვლა. იმიტომ, რომ მთლიანად რუსული თამაშია, რომელიც მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და არის აგებული სიცრუეზე. ირაკლი ალასანია რასაც ამბობს, არამგონია ამას რომელიმე ჩვენგანი ეთანხმებოდეს, რომ კარგია, რომ ეს მოხდება და გაანეიტრალებს. არა, ის რომ ამ თამაშში შეგვიყვანა მთავრობამ ეს უკვე ცუდია და პირიქით, ჩემი აზრით, ამ თამაშში შეყოლა კიდევ უფრო გააძლიერებს პრორუსული ძალების მოგონილ, ბინძურ ნარატივს. იტყვიან, რომ აი რადგან ამას მხარს უჭერთ, ე.ი თავის დაცვა მართლაც გვჭირდება დასავლეთისგან. ზოგიერთ დეპუტატს შესაძლოა ეგონოს, რომ ხელისუფლება უფრო ადვილად შეიყვანს შეცდომაში საზოგადოებას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ინიციატივას ხმას არ მისცემენ. ამ პოზიციას პირადად მე არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ საერთოდ არ არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალის პრინციპებისთვის ამ თამაშში შესვლა”, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ცვლილების ინიცირებას მხარს არ უჭერს, პროექტს ხელი ორმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა – ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა მოაწერა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივთანასწორობასა და ნებაყოფლობას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s