“რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე პირებს უწევთ ცხოვრება, სამწუხაროდ, უკეთესობისკენ არ იცვლება”, – ასე სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ “სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირების მხრიდან, ნაკლები მიმღებლობა, დისკრიმინაცია და გარიყვა, სტიგმის შემცველი გარემო ერთიანობაში ქმნის საზოგადოებას, სადაც ინკლუზიის შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია”.

“დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიღების დროს, როგორიცაა: ადრეული სამედიცინო კვლევა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ჩარევა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება სწავლების ყველა საფეხურზე, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ომბუდსმენი სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე საუბრობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემების დაძლევისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

“ერთის მხრივ – დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ – ეფექტური კამპანიების, პროგრამების, ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და უფლებადარღვევის ფაქტების პრევენციული ღონისძიებების დანერგვა უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური გარემოს შექმნას. მხოლოდ ასეთ გარემოშია შესაძლებელი დაუნის სინდრომის მქონე დღევანდელი ბავშვის და მომავალი ზრდასრულის ღირსეულად და დამოუკიდებლად ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანასწორად ჩართვა.

აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს მშენებლობის, მათი ღირსებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. პასუხისმგებლობის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების ორგანოების თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისთვის”.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, უმთავრესად კი სახელმწიფოს, საკუთარი ქმედებებით თუ უმოქმედობით ხელი არ შეუწყოს არსებული სტერეოტიპებისა და მანკიერი დამოკიდებულებების გაძლიერებას და სრული ძალისხმევა მიმართოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის უზრუნველსაყოფად.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1990 წელს დააწესა და მას შემდეგ ყოველ 21 მარტს აღინიშნება.

2016 წელს ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია სლოგანით: „ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა” მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s